ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს უკრაინასა და მის საზღვრებთან არსებული მდგომარეობისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხზე საგანგებო შეხვედრას გამართავენ. მოლაპარაკებები დისტანციურად გაიმართება.
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა წინ უსწრებს 12 იანვარს დაგეგმილ ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომას, რომელზეც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები რუსეთის მოთხოვნებს განიხილავენ.
მოსკოვი დაჟინებით ითხოვს დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიებს, რაც ერთ-ერთ პუნქტად გულისხმობს იურიდიული დოკუმენტის მიღებას, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება და შეწყვეტს სამხედრო აქტივობას რუსეთის საზღვრებთან.
საპასუხოდ, ნატო-ში არაერთხელ განაცხადეს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება თავად აირჩიოს რომელ ალიანსში გაწევრიანდება.