თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან ყაზახეთის მიმართულებით ფრენები ვერ სრულდება. ასევე არ შესრულებულა არცერთი რეისი ყაზახეთიდან.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, თბილისიდან რეისებს ორი ავიაკომპანია ასრულებს - ''ეარ ასტანა'' და ''სკატი'', ამ ეტაპზე ვერცერთი მათგანი ფრენებს ვერ ახორციელებს.
მათივე ცნობით, ქუთაისიდან ერთი რეისი ნურ-სულთანის მიმართულებით, ორი დღის წინ შესრულდა.
გუშინ ქუთაისში მგზავრები ყაზახეთის მიმართულებით ფრენას მთელი დღის განმავლობაში ელოდნენ. აეროპორტის ადმინისტრაციაში კი განმარტავდნენ, რომ ფრენებთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია არ ჰქონდათ, რადგან რეისები ყაზახური მხარის მოთხოვნით იყო შეფერხებული.
ყაზახეთის ხელისუფლებამ 4 იანვარს თხევადი აირის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ განაცხადა, რასაც ჯერ მანგისტაუს რეგიონში, შემდეგ კი მთელ ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. ამის მიუხედავად საპროტესტო აქციები ქვეყანაში კვლავ გაგრძელდა.