ინსპექტორის სამსახურის გაუქმება შემაშფოთებელია, ვთხოვთ პარლამენტს, დააპაუზოს და შეანელოს პროცესი - კელი დეგნანი

27 დეკემბერი 2021, 18:19 1061 ნახვა

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დეგნანმა თქვა, რომ შემაშფოთებელია გავრცელებული ინფორმაცია ახალ კანონპროექტზე, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის ორ ნაწილად გაყოფას ითვალისწინებს.

"ეს შეხვედრა იყო კარგი შესაძლებლობა სახელმწიფო ინსპექტორთან და მის გუნდთან დიალოგისთვის. სახელმწიფო ინსპექტორი საქართველოში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოქალაქეების უფლებების დაცვაში. მისი მოვალეობა ასევე არის საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების შესწავლა, ეს არის რთული, მაგრამ უკიდურესად მნიშვნელოვანი სამუშაო.

შემაშფოთებელია ინფორმაცია საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის ორ ნაწილად გაყოფას ითვალისწინებს. ეს პროცესი განხორციელდა სახელმწიფო ინსპექტორთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის გარეშე, გამჭირვალობის გარეშე.

ეს არის გაშვებული შესაძლებლობა იმისა, რომ სამსახური კიდევ უფრო განვითარებულიყო. როგორც სახელმწიფო ინსპექტორმა აგვიხსნა, მისმა ოფისმა რამდენიმე დღის წინ საკუთარი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაუმჯობესებულიყო სამსახურის ფუნქციონირება", - განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, შემაშფოთებელია ისიც, რომ ინიციატივა ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყველა თანამშრომლის გათავისუფლებას. 

"ესენი არიან ექსპერტები, რომლებიც აკეთებენ თავიან საქმეს რამდენიმე წელია ისე, რომ პარლამენტისგან არ გამოუწვევიათ არანაირი პრეტენზია ან კითხვები. როდესაც სამსახური წარადგენდა მოხსენებებს საკუთარი ყოველწლიური საქმიანობის შესახებ, პარლამენტს არ ჰქონია არანაირი პრეტენზია, ან კითხვები. ასე რომ, რთული ასახსნელია, რატომ არის საჭირო ყველა კვალიფიციური თანამშრომლის გათავისუფლება იმ სამსახურის, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დამოუკიდებელი უწყებაა.

ასე რომ, უცნაური პროცესია ამ საკანონდებლო ინიციატივის დაჩქარება, როდესაც არ არის მისი დაჩქარების საჭიროება, კონსულტაციების არ არსებობა თავად სახელმწიფო ინსპექტორთან და მის თანამშრომლებთან. პარლამენტის მიმართ თხოვნა იქნება, დააპაუზოს პროცესი, შეანელოს პროცესი, არ არის მიმდინარე კვირაში მისი დაჩქარების საჭიროება", - განაცხადა კელი დეგნანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში