კონსილიუმის წევრი ექიმის, სანდრო ცისკარიძის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ზოგადი ტენდენცია პოზიტიურია, თუმცა გარკვეული ნევროლოგიური დარღვევები რჩება.
„დეტალებზე ვერ მოგახსენებთ, რადგან ეს სპეციფიკური, სამედიცინო დეტალებია, რომლის განხილვა ფართო აუდიტორიაში არაეთიკურია. ზოგადი ტენდენცია პოზიტიურია, თუმცა რჩება გარკვეული ნევროლოგიური დარღვევები, რომლის აღმოფხვრასაც რასაკვირველია, დრო სჭირდება. მკურნალობა მიდის შეჯერებულად, ყველა სპეციალისტის მიერ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კვების აღდგენა, რაც საფუძველი უნდა გახდეს იმის, რომ პაციენტის მდგომარეობა თანდათანობით უნდა გაუმჯობესდეს ყველა ასპექტის გათვალისწინებით და აქ არ არის საუბარი ერთ ორგანოთა სისტემაზე. დამატებით, მედიკამენტური მკურნალობა, რასაკვირველია, მიდის", - განაცხადა სანდრო ცისკარიძემ.
ექიმის ნინო შარაშენიძის განცხადებით, კი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ზოგადი თერაპიული სტატუსი დინამიკაში გაუმჯობესდა.
„პაციენტი თავს გრძნობს მხნედ და აქტიურია. იღებს საკვებს მკაცრად განსაზღვრული კალორაჟის მიხედვით, რასაც აწესებს ენდოკრინოლოგი და რაც წერია დაავადებათა მართვის საერთაშორისო გაიდლაინში. სანდრო ცისკარიძემ შეაფასა მისი ნევროლოგიური სტატუსი და ჩემი აზრით, უკეთესი მდგომარეობა იყო. კვების პარალელურად, რეგულარულად ხორციელდება ლაბორატორიული მონიტორინგის საფუძველზე მისაღები მედიკამენტების დოზირების კორექცია და ასევე, მათი ჩამონათვალიც კორექტირდება"- განაცხადა ნინო შარაშენიძემ.