ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრა 18 წლის ზემოთ ნებისმიერ პირს შეეძლება. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ბუსტერ დოზის გამოყენება შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ნებისმიერი პირისთვის, რომელიც აცრილია ნებისმიერი ვაქცინით. ამ შემთხვევაში, პირს, რომელიც აცრილია „სინოფარმის“ და სინოვაკის“ ვაქცინით, შეუძლია გამოიყენოს „სინოფარმის“ ან „სინოვაკის“ ვაქცინა ბუსტერ დოზისთვის, ან გაიკეთოს „ფაიზერის“ დოზა. „ასტრაზენეკას'' შემთხვევაში, ექვსი თვის შემდეგ პირს დამატებით შეუძლია გაიკეთოს „ფაიზერით“ ბუსტერ დოზა. რაც შეხებათ „ფაიზერით“ ვაქცინირებულ პირებს, მათთვის ბუნებრივია, რეკომენდირებულია მეორე აცრიდან 6 თვეში „ფაიზერის“ დოზის გამოყენება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, დაზუსტება გაკეთდა 60 წელს გადაცილებულ პირებთან მიმართებაში.
"60 წლის ზემოთ პირებს, რომლებიც აცრილები არიან "სინოვაკით" და "სინოფარმით", ბუსტერ დოზის გამოყენების შესაძლებლობა არა 6 თვის შემდეგ, არამედ მეორე აცრიდან 3 თვიდან 6 თვის ინტერვალში შეძლებენ"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე განცხადებით, ე.წ ბუსტერ დოზების გამოყენება დაიწყება ხვალიდან.