სააკაშვილის ანალიზების პასუხები შემაშფოთებელია. ცილების მაჩვენებელი არის უკვე სასიცოცხლო ნიშნულისთვის პრობლემა, დედიმერი ძალიან პრობლემურია, პულსის და წნევის კონტროლი უკვე დღითიდღე რთულდება. ბილირუბინის ფერმენტი არის მომატებული ასევე კრიტიკულად, რაც ღვიძლის ფუნქციას უშლის ხელს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ, რუსთავის ციხეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ერთადერთი, რაც მისი ჯანმრთელობისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, არის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია.
„გუშინ ვნახეთ, რომ ორი ექიმის შეყვანა გახდა საჭირო სისტემის მიღმა - პულმონოლოგის და კარდიოლოგის. ეს ნიშნავს, რომ პენიტენციური სამსახური ვეღარ მართავს პაციენტის მდგომარეობას და მიხეილ სააკაშვილი საჩქაროდ არის გადასაყვანი კერძო კლინიკაში, რასაც რამდენიმე კვირაა ითხოვს კონსილიუმის რეკომენდაცია, სახალხო დამცველის დასკვნა. მას შემდეგ სააკაშვილის მდგომარეობა უფრო დამძიმდა.
ამავდროულად, მოვისმინეთ, რომ კონსილიუმის ვიზიტები უნდა გახშირდეს და იყოს ყოველ მეორე დღეს. ეს ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საგანგაშო და კონსილიუმის ვიზიტები ამ მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს. ერთადერთი, რაც მისი ჯანმრთელობისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, არის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.