მოქალაქეები ამბობენ, რომ კლინიკაში გრიპის ვაქცინის ნაცვლად, სავარაუდოდ, C ვიტამინი გაუკეთეს

20 ოქტომბერი 2021, 16:47 1163 ნახვა

მოქალაქეები ამტკიცებენ, რომ თბილისში, გოგელიას სახელობის კლინიკაში, გრიპის სეზონური ვაქცინის ნაცვლად, C ვიტამინი გაუკეთეს. ისინი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას აცხადებენ, რომ მათ, ოთხკომპონენტიანი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაში თანხა 75 ლარი გადახდილი ჰქონდათ. 

საუბარია დაახლოებით 35 მოქალაქეზე. 

''როდესაც ვაქცინის შეფუთვის ჩვენება მოვითხოვეთ, მედპერსონალისგან უარი მივიღეთ. ერთ-ერთმა ექიმმა კი გვითხრა, რომ ეს C ვიტამინი იყო. ინექცია გაუკეთეს ბავშვებსაც'' - აცხადებენ მოქალაქეები. 

მანამდე კი მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში  თათა დვალიშვილმა დაწერა. 

''ვაქცინის მაგივრად ბავშვს და დედას გაუკეთეს  C ვიტამინი. ავიღე ეჭვი რადგან საბუთი და ყუთი არ მანახეს , როცა ბავშვის აცრა გადავიფიქრე უცებ აუწიეს ხელი და დაარჭეს ნემსი. ჩავარდი შოკში და ავტეხე ამბავი, მივყევი ბოლომდე. ჩემი ქმარი შევარდა და აღიარეს რომ აცრეს ც ვიტამინით :((( ფულის გაკეთების მიზნით ითაღლითეს,ერთ ვაქცინაში 75 ლარი გადავიხადეთ, პატრული გვყავს გამოძახებული. აცრა გააკეთა თაღლითმა და ვითომ იმუნოლოგმა ვინმე გიორგი ჩანდლერმა, რომელმაც ჩემი ქმრის დაჟინებული მოთხოვნით აღიარა დანაშაული და გაიქცა უკანა კარიდან'' - წერდა სოციალურ ქსელში თათა დვალიშვილი. 

მოქალაქეებმა სამართალდამცველები გამოიძახეს. პოლიციამ გამოკითხვაზე რამდენიმე პირი გადაიყვანა.

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, კლინიკას იმუნიზაციის უფლება არ ჰქონდა, ექიმს კი, რომელიც აცრას აკეთებდა, სამედიცინო საქმიანობის უფლება არ ჰქონდა. 

რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები კლინიკაში იმყოფებიან, რის შემდეგაც დაზუსტდება რა მედიკამენტი გაუკეთეს მოქალაქეებს. 

''კლინიკას არ ჰქონდა ვაქცინაციაზე შეტყობინება, მას არ ჰქონდა იმუნიზაციის პროცესის წარმოების უფლება, ასევე  პროცედურას ახორციელებდა ექიმი, რომელსაც შეჩერებული ჰქონდა სერთიფიკატი და არ ჰქონდა უფლება ეწარმოებინა სამედიცინო საქმიანობა. ეს ექიმი ეწეოდა უკანონო სამედიცინო საქმიანობას 2020 წელსაც, რა დროსაც სააგენტოს მხრიდან მოხდა რეაგირება, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მასალები გადაიგზავნა პროკურატურაში. სააგენტოს თანამშრომლები ახლა ადგილზე იმყოფებიან და დეტალურად სწავლობენ ყველა ფაქტს და სრულ ინფორმაციას მოგვიანებით დამატებით გაცნობებთ. დაახლოებით 35 ადამიანი აიცრა. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, მათ შეუყვანეს  C ვიტამინი, თუმცა ამას პასუხს საბოლოოდ გამოძიება გასცემს.

კლინიკა ცდილობდა საზოგადოება შეცდომაში შეეყვანა და გეკეთებინა სითხე, რომელიც არ იყო გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა  და ამისთვის მოსახლეობას თანხას ართმევდა. იკვეთება უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტი ექიმის მხრიდან, რაზეც ჩვენი მხრიდან არის ადმინისტრაციული ჯარიმა, თუ გამოიკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, საქმის მასალები გადაიგზავნება საგამოძიებო უწყებებში და როგორც ექიმი, ისე კლინიკის მესვეურები იმ პროპორციით აგებენ პასუხს რა პროპორციითაც შეესაბამება აღნიშნულ დანაშაულს. სანქცია დაეკისრება როგორც ექიმს, ასევე სამედიცინო დაწესებულებას'' - განაცხადა ზაალ კაპანაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში