ავღანეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ყანდაარში, შიიტურ მეჩეთში პარასკევის ლოცვის დროს აფეთქების შედეგად 37 ადამიანია გარდაცვლილი. დაშავებულთა რაოდენობა 70-ს აღემატება. უცხოური მედიის ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს. ამასთან, სააგენტო „როიტერთან“ თვითმხილველები აცხადებენ, რომ თვითმკვლელი სამი იყო.
ერთ-ერთმა თავი მეჩეთის შესასვლელში აიფეთქა, ორმა კი შენობის შიგნით. გასულ პარასკევს თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა ქალაქ ყუნდუზის მეჩეთში, რასაც 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანეთში მოქმედმა ფრთამ აიღო.