კომისიის წევრების მიერ წინასწარ შევსებული ოქმი განადგურდება და ახალი გადაეცემათ – ცესკო

02 ოქტომბერი 2021, 16:14 900 ნახვა

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის 124-ე უბანზე შევსებული ოქმი განადგურდება და კომისიას ახალი ოქმი გადაეცემა. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ოქმს უბნის 14 წევრი აწერს ხელს, მათ შორის, პარტიების დანიშნული წარმომადგენლები.

„ოქმის ფოტო გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა მედიასაშუალებაში. ცალსახად გვინდა, განვაცხადოთ, რომ აღნიშნული წარმოადგენს გადაცდომას და ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას ექნება შესაბამისი რეაგირება, ოქმი განადგურდება და საუბნო საარჩევნო კომისიას გადაეცემა ახალი შემაჯამებელი ოქმი. საარჩევნო ადმინისტრაციას ყოველთვის ექნება შესაბამისი რეაგირება მსგავსი ტიპის გადაცდომაზე. მოვუწოდებთ ყველა დონის საარჩევნო კომისიას, დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით გაწერილი ნორმები, რაც აუცილებელია კენჭისყრის პროცესის პროფესიონალურ დონეზე წარმართვისთვის“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

ინფორმაცია აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით ,,ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ გაავრცელა. მისი თქმით, ქუთაისის 124-ე უბანზე კომისიის წევრებმა შემაჯამებელ ოქმს წინასწარ მოაწერეს ხელი.

“ხელმოწერა უკვე არსებობს, მერე რომ მზად იყვნენ და რაღაც ციფრები ჩაწერონ. ეს არის წარმოუდგენელი დარღვევა”, – აღნიშნავს დეკანოიძე.

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში