შინდისის გმირების თავგანწირვა არის საქართველოს ისტორიის საამაყო ფურცელი - სალომე ზურაბიშვილი

11 აგვისტო 2021, 10:32 1669 ნახვა

შინდისის გმირების თავგანწირვა არის საქართველოს ისტორიის საამაყო ფურცელი, რომელიც დაღვრილ სისხლთან ერთად მომავლის იმედს ასაზრდოებს-განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათვე ცნობით, შინდისის გმირს, უმცროს სერჟანტს, ალექსანდრე ონიანს საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი მიენიჭა. შეზღუდვების მოხსნისთანავე კი დაიგეგმება ჯილდოს გადაცემის ცერემონია.

“13 წელი გავიდა შინდისის ბრძოლიდან. დღეს საქართველო პატივს მიაგებს სამშობლოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის თავდადებული 17 გმირის უკვდავ ხსოვნას. 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისში მტერთან გამართულ უთანასწორო ბრძოლაში ჩვიდმეტმა ქართველმა ჯარისკაცმა სიცოცხლე შესწირა საკუთარ ქვეყანას.

შინდისის გმირების თავგანწირვა არის საქართველოს ისტორიის საამაყო ფურცელი, რომელიც დაღვრილ სისხლთან ერთად მომავლის იმედს ასაზრდოებს. ქვეყანას, რომლის ჯარისკაცებისთვისაც სამშობლოს თავისუფლება და მიწა-წყალი საკუთარ სიცოცხლეზე ძვირფასია, გლოვის და უიმედობის საბაბი არ აქვს.

სწორედ ამ დღეს, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი მიენიჭა უმცროს სერჟანტს, ალექსანდრე ონიანს, რომელმაც ბოლომდე თავგანწირვით იბრძოლა და ცოცხალი არ ჩაბარდა მტერს. არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, დაჯილდოების ღონისძიება დღეს ვერ ჩატარდება იმ მასშტაბით, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება მოითხოვს. შეზღუდვების მოხსნისთანავე დაიგეგმება ჯილდოს გადაცემის ცერემონია“,-აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში