რა მიღწევების და გამოწვევების წინაშე დგანან საზოგადოებრივი არხები საქართველოში?

03 მაისი 2016, 00:00 2557 ნახვა

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი  და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია კონფერენციის დისკუსში იმ მიღწევებითა და გამოწვევების შესახებ მოხსენებებით წარდგნენ, რაც არხების გარდაქმნის პროცესში წარმოჩინდა.

საზოგადოებრივის პირველმა სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად მიიღო ახალი, ინტეგრირებული საინფორმაციო სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის მოპოვებას, დამუშავებასა და ექსპორტს მოქნილი სტრუქტურული სისტემით.

სტრუქტურული რეორგანიზაციის ეტაპი გაიარა აჭარის ტელევიზიამც. ახალ სტრუქტურაზე იმუშავა "სინერჯი ჯგუფმა". მართვის ახალი მოდელი თებერვლიდან დაინერგა. გაიმიჯნა ფუნქციები და ვალდებულებები, დაიწყო ახალი სეზონისთვის მზადება.

ახალმა მიდგომებმა და გამოწვევებმა საზმაუს ორივე არხის წინაშე წარმოშვა ადაპტირებული შენობის პრობლემა. საზმაუს პირველმა შეძლო არსებულ ტერიტორიაზე ახალი შენობის პროექტირება, რაც შეეხება აჭარის ტელევიზიას, მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ ზაზა ხალვაშმა დასვა ახალი შენობის აუცილებლობის საკითხი.

საზოგადოებრივი მაუწყებლები თანხმდებიან, რომ ისინი აბსოლუტურად უნდა გაემიჯნონ პოლიტიკური პროცესების მართვაში მონაწილეობას, უნდა გაიხსნას სივრცე ახალი თოქ-შოუებისთვის, მაუწყებლებმა უნდა შეძლონ  საზოგადოებრივი პრიორიტეტების მაქსიმალური უზრუნველყოფა.

მედიაექსპერტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს სარედაქციო დამოუკიდებლობის მნიშვნელობა, კვალიფიციური ჟურნალისტის როლი მედიის თავისუფლების ხარისხის ამაღლებაში. მედიამ უნდა შეძლოს დისტანცირება პოლიტიკური  და ფინანსური ზეგავლენებისგან.

განსაკუთრებით აღინიშნა რეგიონული მედიის მნიშვნელობა. რეგიონული მაუწყებლობის აუცილებლობას თავის მიმართვაში  ხაზი გაუსვა საქართველოს პრეზიდენტმა.

მედიის თავისუფლების ინდექსის განსაზღვრისას არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიაექსპერტები ეყრდნობიან საერთაშორისო შეფასებებს. ორიათას თორმეტ წელთან შედარებით თავისუფლების ხარისხი გაცილებით მაღალია, თუმცა, დღის წესრიგში წინასაარჩევნო პერიოდის რისკები რჩება, როცა ფინანსური ცდუნებები გარკვეულ როლს თამაშობენ ტენდენციური ინფორმაციების გადინებასთან დაკავშირებით.

ასეთი ცდუნებებისგან ყველაზე მეტად სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლებია დაცული. წინასაარჩევნო პერიოდში ყველაზე მაღალი სანდოობით სწორედ საზმაუ უნდა სარგებლობდეს, რომლის ვალდებულეებაა ობიექტური ინფორმაციის დროული მოპოვება და მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხით მიწოდება.

ამავე კატეგორიაში