ხვალიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება თუ ერთად შეიკრიბება 5 ადამიანზე მეტი - ახალი რეგულაციის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
მოქალაქეებს ამ დრომდე, პირბადის ტარების ვალდებულება, მხოლოდ დახურულ სივრცეში ჰქონდათ. ღია სივრცეში პირბადის გამოყენების შესახებ რეგულაცია 22 ივნისს გაუქმდა, დღეს კი კვლავ გამკაცრდა.
''ბოლო პერიოდში სახეზეა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ტენდენცია. ვითარების ანალიზის საფუძველზე უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა ცალკეული შემზღუდავი ღონისძიებების დაწესების შესახებ და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება - მოგეხსენებათ, რომ პირბადის ტარება სავალდებულოა დახურულ სივრცეში და ღია სივრცეში ხალხმრავალი შეკრების ადგილებზე, ეს არის გაჩერებები, ბაზრობები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ა.შ. საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
რეგულაციის დარღვევისთვის მოქალაქე 20 ლარით დაჯარიმდება.