საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 6 აგვისტოს გამოქვეყნდა ერთ-ერთი ავტორიტეტული კომპანია Fitch-ის რეიტინგი, რომლის მიხედვითაც საქართველოს შეუნარჩუნდა ერთის მხრივ სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე. რეიტინგის პერსპექტივა კი ნეგატიურიდან სტაბილურობამდე გაუმჯობესდა.
ირაკლი ღაიბაშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილებით ქვეყანა დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს.
''Fitch''-ის რეიტინგის გაუმჯობესების მთავარ მიზეზად სააგენტო ასახელებს, მოსალოდნელზე, სწრაფ ეკონომიკურ აღდგენას, ძლიერ და დამაჯერებელ მაკროეკონომიკურ პოლიტიკასა და მაღალ საერთაშორისო მხარდაჭერას.
ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღება მართლაც შთამბეჭდავი ტემპით მიმდინარეობს. ბოლო 6 თვის მაჩვენებელმა შეადგინა 12.7%, რაც მართლაც დამაიმედებელია. ამასთან, მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობის ფონზე, წლევანდელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეიცვალა და გახდა 7.8%. ჩვენი მიზანი არის 2025 წლისთვის, საინვესტიციო რეიტინგის მიღწევა, სადამდეც ჩვენ ორი საფეხური გვაქვს დარჩენილი. ,,Fitch''-ის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება ინვესტორებისათვის, რომ ქვეყანამ სწრაფად დაიწყო ეკონომიკის აღდგენის პროცესი'' - განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, Fitch“-ის რეიტინგში საქართველოს პერსპექტივის გაუმჯობესების სამი მიმართულებაა დასახელებული. ლაშა ხუციშვილის თქმით, ეს არის მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, ძლიერი და მყარი მაკროეკონომიკური პოლიტიკა და საერთაშორიო მიმართულებით ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.
''თუ გადავხედავთ პანდემიის პერიოდში, ამავე სააგენტოს შეფასებები, პრაქტიკულად, ქვეყნების 99%-ის შემთხვევაში, უცვლელი დარჩა. ქვეყნების უმეტესობის შემთხვევაში, საკრედიტო რეიტინგი და პერსპექტივა არ გაუმჯობესებულა. შესაბამისად, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიისგან, ესაა აღიარება, რომ ქვეყანა სწრაფად გამოდის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან. ეს მაჩვენებლები აისახება ინვესტიციების მოზიდვაზეც და ვალუტის კურსზეც“, - განაცხადა მინისტრმა.
ეკონომიკის მინისტრი კი აცხადებს, რომ ეს არის კარგი საწინდარი, რომ სრულად განულდეს წინა წლის ზარალი.
„Fitch“-ის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს ასახავს უფრო გაზრდილ ნდობას საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის განმარტება, რაც სარეიტინგო სააგენტო „Fitch“-მა წარმოადგინა იმის დასასაბუთებლად, რომ რეიტინგი უნდა გაგვიუმჯობესდეს, ეს არის ძალიან სწრაფი ეკონომიკური ზრდა, სწრაფი ეკონომიკური აღდგენა, ეს არის მაკრო-ეკონომიკური სტაბილურობა და ზოგადად გაჯანსაღების პროცესი, რაც ჩვენს ეკონომიკაში მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ამას ინვესტორები დიდ ყურადღებას აქცევენ და ეს ეხება როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ინვესტორებს'' - განაცხადა ნათია თურნავამ.