იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალში და ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული მოზარდების მისაღებად თავისუფალი ადგილები აღარ არის.
სამედიცინო დაწესებულებებში აცხადებენ, რომ ახალი პაციენტების მისაღებად გამოჯანმრთელებულების გაწერას ელოდებიან.
ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალში კოვიდ საწოლების რაოდენობა სულ 59 შეადგენს.
დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალის დირექტორის განცხადებით, ამჟამად სტაციონარში მკურნალობს 59 პაციენტი, მათგან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში, დანარჩენები პედიატრიულ განყოფილებაშია მოთავსებული.
"იმ პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც პედიატრიულ განყოფილებაში მკურნალობენ საშუალო სიმძიმისაა, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულების კი სტაბილური. გაწერის პროცესი ყოველდღიურად მიმდინარეობს. გუშინ გაიწერა 30 პაციენტი და თითქმის ამდენივე მივიღეთ.
ვცდილობთ ბრუნვა გვქონდეს აქტიური და საწოლდაყოვნების მაჩვენებელი ხანგრძლივი არ იყოს იმისათვის, რომ ადგილებით უზრუნველვყოთ ის საჭიროება, რაც შემქნილი სიტუაციის დროს შეიძლება გვქონდეს"-აცხადებს თამარ ბახტაძე.
ჰოსპიტალიდან გაწერილი პაციენტების ნაწილი თავსდება კოვიდ სასტუმროებში, ნაწილი კი მდგომარეობის შესაბამისად ბინაზე ეწერება.
თამარ ბახტაძის განცხადებით, ახლაც მიმდინარეობს გაწერის პროცედურები და ამის შემდეგ დაზუსტდება თავისუფალი ადგილების რაოდენობა.
"ვიცით რომ არის მომლოდინე პაციენტი და დასრულდება თუ არა გაწერის პროცესი, ამ დეტალებს დავაზუსტებთ, ვიცით სად უნდა განვათავსოთ.
თუ პაციენტის ასაკი იძლევა ამის შესაძლებლობას ერთ საწოლში ვათავსებთ დედას და ბავშვს, ამ გზით სხვა პაციენტების მიღებას უზრუნველვყოფთ.
მაღალია მომართვიანობა სეზონურ ინფექციებზეც, შესაბამისად გადატვირთულია მეორე განყოფილებაც,სადაც არა კოვიდიანი პაციენტებია მოთავსებული. გუშინ მაგალითად სეზონური ინფექციებით 105 პაციენტი მივიღეთ, მაგრამ ამ ეტაპზე ვუმკლავდებით"-განაცხადა თამარ ბახტაძემ.