ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოში 16-დან 18 წლამდე მოზარდების Pfizer-ით აცრის პროცესი უკვე დაწყებულია და ყოველგვარი გართულებების გარეშე მიმდინარეობს.
''რამდენიმე ათეულია უკვე აცრილი, მათ შორის სტუდენტები, დაახლოებით 20 სტუდენტი იყო, ვინც მიემგზავრებოდა და აიცრა „ფაიზერის“ ვაქცინით. ეს პროცესი გრძელდება ყოველგვარი გართულებების და პრობლემების გარეშე“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილემ დღეს ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასა და საწოლფონდზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ კლინიკებში 6 700 კოვიდსაწოლია მობილიზებული. ბოლო ორი დღის განმავლობაში დაახლოებით 600 საწოლი დაემატა.
მისივე თქმით, პედიატრიულ საწოლებზე მოთხოვნა გარკვეულწილად დაბალანსდა, რადგან ინფიცირებულთა უდიდესი ნაწილი არის მსუბუქი სიმძიმის.
„პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ჰოსპიტალში არის 5 500. კლინიკებისთვის კოვიდსაწოლების დამატება გარკვეულწილად გავლილი ეტაპია, ვფიქრობთ, მობილიზება მოხდება დამატებითი საწოლების. პედიატრიულ საწოლებზე, საბედნიეროდ, მოთხოვნა რამდენადმე დაბალანსდა, რადგან შემთხვევების უდიდესი ნაწილი არის მსუბუქი სიმძიმის. ჰოსპიტალური საწოლები დაემატა პედიატრიული შემთხვევების მართვისთვის. ამ ეტაპზე სიტუაცია სრულად მართულია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.