საქართველო კორონავირუსის მე-4 ტალღის პირისპირ. მცირეწლოვანთა ინფიცირების მაჩვენებელი იმატებს. ციციშვილის სახელობის კლინიკაში ახლა 2 ბავშვის გადარჩენას ცდილობენ, რომლებიც რეანიმაციაში არიან. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით კი, ქვეყანაში ჯამში დაახლოებით 300-მდე ბავშვია ინფიცირებული და საწოლების რაოდენობაც თითქმის სრულად ათვისებულია. რაც შეეხება საერთო ეპიდემილოგიურ დღევანდელ სურათს - კორონავირუსის 1 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 466 პაციენტი და გარდაიცვალა 13. სპეციალისტები მოსახლეობას ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებენ. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ერთ-ერთია იმ 7 სამედიცინო დაწესებულებებს შორის, სადაც ფაიზერით აცრაა შესაძლებელი. ვაქცინა, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე სასურველია , ამ ეტაპზე მხოლოდ 14 ათასი ადამიანისთვისაა საკმარისი. დანარჩენ მარაგებს კი ამ თვეში ელოდებიან.