არც გენდერული თანასწორობა მოსწონთ, არც ქალთა უფლებები. პიროვნულად ვიღაც არ მოსწონთ და მისი გამოსვლა უნდათ რომ აღკვეთონ, ეს არის ტირანიისკენ მიმავალი საშიშროება - განაცხადა ორგანიზაციის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარემ „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
უფლებადამცველ ანა აბაშიძის განცხადებით, საქართველოში ტრადიციად იქცა სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან, გემოვნების მიხედვით, ადამიანების უფლებების შეზღუდვა.
''გამოხატვა არის თავისუფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ არავის დედამიწაზე უფლება არ აქვს შეეხოს ამ უფლებას, როცა ადამიანი მის განხორციელებას აპირებს. მნიშვნელობა არ აქვს ვინ არიან ისინი, რა ჯგუფია. სამწუხაროდ, ამას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხელს უწყობდა სახელმწიფო. მიუხედავად იმისა, რომ მისი პირდაპირი მოვალეობაა არ ჩაერიოს და თუ ვინმე ერევა აღკვეთოს.
პრინციპულად მნიშვნელოვანია თუ ჩვენ გვინდა თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება და ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ადამიანს უნდა თავისუფალ გარემოში ცხოვრება, იმიტომ, რომ ბედნიერება სხვანაირად არ მიიღწევა, მცდელობა არ უნდა დავაკლოთ, რომ განვახორციელოთ ჩვენი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები. „პრაიდი“ არის ერთ-ერთი მაგალითი.
მარტო ლგბტ თემის ინტერესი კი არაა მათი იდენტობა გამოხატონ და იამაყონ, მთელი საქართველოს ინტერესია „პრაიდს“ დაუჭირონ მხარი იმისთვის, რომ, პირობითად, ხვალ თავის მეზობელთან რომ ექნება რაღაც გასაპროტესტებელი და გამოვა გარეთ ბანერით, ვინმე პიროვნებამ ვის გემოვნებაშიც არ ჩაჯდება, არ აღკვეთოს ეს გამოხატვა.
აქედან გამომდინარე, ვიწრო ინტერესი არაა აქ, ეს არის საზოგადოების ინტერესი მივცეთ ადამიანებს უფლება გამოხატონ რაც სურთ, რომელიც არასდროს მოდის წინააღმდეგობაში კანონმდებლობასთან, განსაკუთრებით როცა „პრაიდზეა“ საუბარი“, - განაცხადა ანა აბაშიძემ.