ჯიხანჯურში, ყოფილი მეურნეობის დასახლებაში მცხოვრები 70 კომლი გამრიცხველიანებას ითხოვს. ამბობენ, რომ პრობლემა წლებია აწუხებთ, თუმცა საკითხი ამ დრომდე არ მოგვარებულა.
დღეს მოქალაქეები პროტესტის ნიშნად, ქობულეთის მერიასთან შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. პარალელურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, მოსახლეობის ნაწილი ქობულეთის მერის მოადგილეს შეხვდა.
შეხვედრიდან გამოსულები ამბობენ, რომ მიწის ნაკვეთების დაკანონებამდე გამრიცხველიანება ვერ მოხდება.
მოქალაქეების განმარტებით, ''ენერგო-პრო ჯორჯია'' მრიცხველებს არ ამონტაჟებს, მიზეზად კი თვითნებურად დაკავებული მიწების პრობლემას ასახელებს. პირი აბონენტად, რომ დარეგისტრირდეს, მიწის ნაკვეთი საკუთრებაში უნდა ჰქონდეს გაფორმებული.
ადგილობრივები კი აცხადებენ, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად ფართობებს ვერ არეგისტრირებენ.
''95 წლის შემდეგ მიწების რეგისტრაციას და ასევე მთლიან დასახლებაში გამრიცხველიანებას ვითხოვთ. მიწებს წლებია საბოსტნე და საყანე ფართობებად ვიყენებთ. რაც შეეხება ელექტროენერგიას, მას დასახლებასთან შორიახლოს მცხოვრები კერძო პირების დახმარებით ვიღებთ, თუმცა ხშირ შემთხვევაში შუქის გარეშე გვიხდება ცხოვრება. დაპირებები ყოველთვის იყო, მაგრამ არაფერი შეცვლილა'' - აცხადებს აქციის მონაწილე.
მოსახლეობის თქმით, თუ ხელისუფლება პრობლემას არ მოაგვარებს აქციებს პერმანენტულად გამართავენ.
ქობულეთის მერიასთან იმყოფებიან სამართალდამცველებიც.
აქციის მონაწილეების მოთხოვნებზე ქობულეთის მერიაში წერილობით გვიპასუხეს.
''საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებით ქსელზე ახალი აბონენტის დაერთებისთვის აუცილებელია განაცხადში მითითებული იყოს უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი ცნობა (ამონაწერი რეესტრიდან), ან დროებით სარგებლობაში ფლობის შემთხვევაში მესაკუთრის წერილობითი თანხმობა.
იქედან გამომდინარე, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთები წარმოადგენენ სახელმწიფო საკუთრებას და მოქალაქეებს თვითნებურად აქვთ დაკავებული, ვერ წარადგინეს გამრიცხველიანებისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია.
მოქალაქეებს განემარტათ, რომ უნდა მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მიწის ნაკვეთების დაკანონებასთან დაკავშირებით. შემდგომ კი საკითხზე მერიაში შექმნილი მიწის განკარგვის კომისიები იმსჯელებს'' - აღნიშნულია წერილობით განმარტებაში.