სახალხო დამცველის მიმართვა საპატრიარქოს. ნინო ლომჯარია ითხოვს შეუშვან მისი წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბავშვები საკმაოდ სტრესულ გარემოში იმყოფებიან. ნინო ლომჯარიას თქმით, იმის გამო, რომ პანსიონში მუდმივ რეჟიმში ბოლო დღეების განმავლობაში იმყოფებიან სოციალური მუშაკები, სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები ბავშთა სახლში დამატებითი ვიზიტისგან თავს იკავებდა, რადგან აღსაზრდელები კიდევ უფრო რთულ ფსიქოლოგიურ ვითარებაში არ აღმოჩენილიყვნენ. ომბუდსმენის თქმით, თუ შეინიშნება, რომ ბავშვების პანსიონიდან გამოყვანისა და მათი ოჯახებში ინტეგრაციის პროცესი შეჩერდება, ამ შემთხვევაში მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ მონიტორინგი დაუყონებლივ განხორციელდეს.