უკრაინას და საქართველოს აქვს საერთო გამოწვევები, რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხე და ოკუპაციის მძიმე შედეგები - პრემიერი 

03 ივნისი 2021, 11:43 1155 ნახვა

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინის საერთო გამოწვევა არის რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და ოკუპაციის მძიმე შედეგები. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ორივე ქვეყანა მოტივირებულია, რომ ძალიან მალე გახდეს ნატოს სრულფასოვანი წევრი.

​''ჩვენ გვაქვს საერთო გამოწვევები და პრობლემა, როგორიც არის რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხე და ოკუპაციის მძიმე შედეგები. ჩემს კოლეგასთან გამოვხატე ჩემი შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან და დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო გააქტიურების გამო. მე მას დავუდასტურე მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ჩვენი შეხვედრის მთავარი საკითხი იყო ჩვენი სწრაფვა ევროკავშირისკენ. ორივე ქვეყანა არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ჩვენ ამ საკითხზე, ბუნებრივია, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ.

17 მაისს საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ხელი მოაწერა მემორანდუმს ''ასოცირებული ტრიოს'' დაბრუნების შესახებ, რაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადია. 

ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოსა და უკრაინის ნატოში ინტეგრაციის საკითხებიც. ორივე ქვეყანა ასევე ვართ ძალიან მოტივირებული, რომ ძალიან მალე გავხდეთ ნატოს სრულფასოვანი წევრები. მოგეხსენებათ, რომ ბუქარესტის სამიტზე, მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები და წლების მანძილზე, ჩვენმა ქვეყნებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს ამ გზაზე'' - განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილის განმარტებით, უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.

,,განვიხილეთ სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები. შევთანხმდით, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით გააქტიურება. ჩვენი ამოცანა არის, რომ გავაორმაგოთ სავაჭრო ბრუნვა. ასევე აუცილებელი არის გააქტიურება ტრანსპორტის და ლოჯისტიკის მიმართულებით, სხვადსხვა პროექტების მიმართულებით. ტურიზმი  არის მნიშვნელოვანი და ბევრი ვიზიტორი გვყავს უკრაინიდან'' - განაცხადა პრემიერმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი