საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრები, დღეს გასვლაზე, ამხანაგურ დაპირისპირებაში, რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
ფრანგმა სპეციალისტმა ეროვნულ გუნდში 26 ფეხბურთელს უხმო, თუმცა ტრამვის გამო გუნდს ხვიჩა კვარცხელია დააკლდება. ნაკრების განაცხადში ერთი იძულებითი ცვლილებაც მოხდა. იაპონიაში მყოფი ვაკო ყაზაიშვილი პანდემიის გამო ნაკრებში ვერ ჩამოვიდა და მის ნაცვლად სანიოელმა გიორგი ბერიძეს უხმო. ''ჯვაროსების'' განაცხადში ერთი დებიუტანტია. ფრანგმა წყალტუბოს ''სამგურალიდან'' სერგო კუხიანიძე გამოიძახა. ბათუმის ''დინამოდან'' ეროვნულ გუნდში 4 ფეხბურთელი: ლაზარე კუპატაძე, გრიგოლ ჩაბრაძე, ირაკლი აზაროვი და ჯაბა ჯიღაურია გამოძახებული.
რუმინული მედიის ინფორმაციით 570 დღიანი პაუზის შემდეგ გულშემატკივრები რუმინეთში ტრიბუნებზე გამოჩნდებიან.
ისტორიულად რუმინეთი ჩვენთვის უხერხული მეტოქეა. აქამდე ამ ნაკრებებს 7 ჯერ უთამაშია. 1 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 6 რუმინელებმა მოიგეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და რუმინეთის ეროვნული გუნდის მატჩი ქალაქ პლოიეშტიში, დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს. მეორე ამხანაგურ დაპირისპირებაში 6 ივნისს საქართველო გასვლაზე ნიდერლანდებს ეთამაშება.