ხელვაჩაურში, სამკერვალო ფაბრიკაში 45 ადამიანი მოიწამლა. საწარმოში დასაქმებულთა ინტოქსიკაცია, სავარაუდოდ საკვებმა გამოიწვია. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ სამმართველოში ადასტურებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, შუადღის სადილის შემდეგ ფაბრიკის პერსონალი შეუძლოდ გახდა, რის გამოც რამდენიმე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო, რადგან მოწამლული თანამშრომლები სამედიცინო დაწესებულებაში გადაეყვანათ.
შპს "ფასტთრექტექსტილეს" ადმინისტაციის უფროსის განმარტებით, ინტოქსიკაციის პირველი შემთხვევა დღის ბოლოს დაფიქსირდა, თუმცა რამ გამოიწვია თანამშრომლების მასიური მოწამვლა, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
სამკერვალო ფაბრიკაში შპს "ფასტთრექტექსტილეში", 400-მდე ადამიანია დასაქმებული. მზა საკვების მიწოდებას კი "ანკარა ქეითერინგი" ახორციელებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ატარებენ შემოწმებას და ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია ნიმუშები.
შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები, სურსათის უვნებლობის სამსახურისა და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს კვლევა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.