დღეს ჩვენ გვყავს აპოლიტიკური და მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული პოლიცია - ვახტანგ გომელაური

31 მაისი 2021, 11:42 1010 ნახვა

თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის წინ, პოლიციელის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს.

ვახტანგ გომელაურმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

"ადამიანის უფლებების დაცვა, კრიმინალთან ბრძოლა და მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაა შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი ფუნქცია. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ამას წარმატებით ასრულებთ, დღეს ჩვენ გვყავს აპოლიტიკური და მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული პოლიცია. დღეს აქ მხოლოდ რამდენიმე ასეული პოლიციელი ხართ, თუმცა, თქვენ უკან ათასობით თქვენი კოლეგა დგას.

მადლიერების სიტყვები ეკუთვნის თითოეულ პოლიციელს საზოგადოებისგან და ჩემგან, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრისგან"-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაურმა სიტყვით გამოსვლისას პანდემიის პირობებში პოლიციის საქმიანობაზეც ისაუბრა.

"ვირუსთან ბრძოლისას განსაკუთრებით გამოიკვეთა პოლიციის როლი და მნიშვნელობა ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი კარგად ნაფიქრი, გააზრებული და სწორად დაგეგმილი იყო. ამ ვითარებაში პოლიციის მიზანმიმართულ და ეფექტიან მუშაობას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საზოგადოებრივი წესრიგის, ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვისათვის. პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ჩვენ ერთი წუთით არ შევფერხებულვართ კრიმინალთან უკომპრომისო ბრძოლაში. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სამინისტროს ყველა დეპარტამენტი ეფექტიანად მოქმედებდა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი