ბათუმის "დინამომ" თბილისის "საბურთალო" დიდი ანგარიშით დაამარცხა

16 მაისი 2021, 20:13 4841 ნახვა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-14 ტურის შეხვედრაში ბათუმის "დინამომ" საკუთარ სტადიონზე დიდი ანგარიშით 4-1 თბილისის "საბურთალო" დაამარცხა.

მე-6 წუთზე ლაშა შინდაგირიძის შორეული უძლიერესი დარტმის შემდეგ შეხვედრის არბიტრმა გოლი ჩათვალა, თუმცა სატელევიზიო განმეორების შემდეგ აშკარა გახდა, რომ ხარიხას მოხვედრის შემდეგ გოშაძის კარის ხაზი ბურთს არ გადაუკვეთავს, მაგრამ ამას მსაჯის პირველი გადაწყვეტილება არ შეუცვლია და ბათუმელები სწრაფად დაწინაურდნენ.

42-ე წუთზე გოჩოლეიშვილის ჩაწოდების შემდეგ დედაქალაქელთა კაპიტანმა გიორგი კოხრეიძემ ანგარიში გაათანაბრა და პირველი ტაიმი ფრედ 1-1 დასრულდა. მეორე ნახევარში შავიზღვისპირელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ. 56-ე წუთზე მამუჩაშვილის საჯარიმო დარტყმის შემდეგ კოხრეიძემ ბურთს მიმართულება ხელით შეიცვალა და "საბურთალოს" კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც თავად მამუჩაშვილმა გაიტანა და "დინამო" დაწინაურდა.

72-ე წუთზე მამუჩაშვილმა გიორგი ფანცულაიას გაატანინა და გეგუჩაძის გუნდი 3-1 წინ გავიდა. 78-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა ამჯერად გიული მანჯგალაძეს გაატანინა და საბოლოო ანგარიში 4-1 ბათუმელთა გამარჯვებით დასრულდა.

14 ტურის შემდეგ ბათუმის " დინამო" 31 ქულას აგროვებს და ცხრილში პირველ ადგილზეა. ამდენივე ქულა აქვს თბილისის " დინამოს" და მეორე ადგილზეა. მესამე ადგილზს ლიგაში 22 ქულით გორის "დილა" იკავებს.

ეროვნულ ლიგაში "დინამოს" მომავალი თამაში 23 მაისს გასვლაზე "ლოკომოტივის" წინააღმდეგ ექნება. მანამდე კი გია გეგუჩაძის გუნდი დავით ყიფიანის თასსზე 19 მაისს გასვლაზე საჩხერის "ჩიხურას" წინააღმდეგ ითამაშებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში