საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც მრავალსაუკუნოვან ისტორიულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ემყარება.
ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ამ მიმართულებით კიდევ უფრო ეფექტური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, საერთაშორისო არენაზე უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
უკრაინის საზღვრებთან და დროებით ოკუპირებულ ყირიმში ბოლო დროს რუსეთის სამხედრო გააქტიურებაზე საუბრისას, საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გამოხატა ქართული მხარის შეშფოთება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევა, რათა უფრო მეტად განვითარდეს და გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური თანამშრომლობა.
მხარეებმა იმსჯელეს ნატოში ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე და აღნიშნეს, რომ ალიანსში გაწევრიანება ორი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობას და შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინელი კოლეგა, მისთვის ხელსაყრელ დროს, ოფიციალური ვიზიტით თბილისში მოიწვია.