ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობასა და რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე ისაუბრეს

05 მაისი 2021, 16:42 859 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბაქოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრით დაიწყო.

ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს „ზაგულბას“ სასახლეში უმასპინძლა.  მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრულ ურთიერთობებზე და ხაზი გაუსვეს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ რეგიონული მნიშვნელობის წარმატებულ პროექტებს.

“ჩვენ ერთობლივი პროექტების განხორციელების ძალიან კარგი ისტორია გვაკავშირებს, მათ შორის ენერგეტიკის და ტრანსპორტის სფეროებში. აღნიშნულმა პროექტებმა შეცვალა რეგიონში არსებული სიტუაცია პოლიტიკური, ეკონომიკური, სატრანსპორტო მიმართულებით. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი პარტნიორული ურთიერთობების გარეშე ამ პროექტების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. გასული წლის ბოლო დღე სამხრეთის  გაზის მილსადენის პროექტის განხორციელების ბოლო დღეს დაემთხვა, რომელსაც უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ კავკასიის, არამედ ფართო რეგიონის განვითარებისთვის, სტაბილურობისთვის, პროგნოზირებადობისა და თანამშრომლობისთვის. ჩვენი თანამშრომლობის გარეშე ყოველივე ეს შეუძლებელი იქნებოდა. მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას პროექტების განხორციელების უწყვეტი მხარდაჭერსთვის"- აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და იგი მისთვის ხელსაყრელ დროს, ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მიიწვია.

„ ქართველი და აზერბაიჯანელი ერების მეზობლობა ჩვენი ბედისწერაა. ამდენად, ურთიერთდაკავშირებულნი და ურთიერთდამოკიდებულნი ვართ. როგორც თქვენ აღნიშნეთ, უმნიშვნელოვანესი და ისტორიული პროექტები გვაქვს განხორციელებული. ამიტომ, მიზანდასახულნი ვართ, რომ ასევე გავაგრძელოთ, მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთად, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ურთიერთობებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ბაქოში ჩვენი ოფიციალური დელეგაციის მიღებისთვის. მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და თბილისში მოგიწვიოთ თქვენთვის მოსახერხებელ დროს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი