საერთაშორისი გადაზიდვებზე დასაქმებული მძღოლები აქციას მართავენ და მესამე ქვეყანაში ტრანსპორტირების ნებართვას ითხოვენ

05 მაისი 2021, 11:49 1830 ნახვა

საერთაშორისი გადაზიდვებზე დასაქმებული მძღოლები აქციას მართავენ. ისინი ხელისუფლებისგან რამდენიმე პრობლემის მოგვარებას მოითხოვენ: მესამე ქვეყანაში ტრანსპორტირების უფლების მოპოვებას, თურქეთიდან გადაზიდვების ნებართვების გაცემის გამჭვირვალობასა და ნებართვის მიღების პროცედურების გამარტივებას.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროდუქციით დატვირთული მანქანები საზღვრებთან ჰყავთ გაჩერებული და ნებართვას ელოდებიან.

მძღოლების განმარტებით ნებართვის მიღება მხოლოდ 15 დღის განმავლობაში იყო შესაძლებელი, აღნიშნულ პერიოდში კი მათი ნაწილი საქართველოში არ იმყოფებოდა. 

მათივე თქმით, ნებართვის არ ქონის გამო,  ყაზახეთში საქართველოს ათობით მოქალაქე დააკავეს და 4 000 დოლარით დააჯარიმეს. მძღოლები ხელისუფლებას დაკავებულების პრობლემების მოგვარებასაც სთხოვენ.

''არ გვაქვს საერთაშორისო გადაზიდვის ნებართვები. ყაზახეთში აქამდე მსგავსი ნებართვა საჭირო არ იყო. ხალხი წასული იყო და იქ შეექმნათ პრობლემა. ათობით მანქანაა გაჩერებული და დაჯარიმებული. ჩვენ კი გზას ვერ ვაგრძელებთ. მაისიდან შევიდა ძალაში რეგულაცია, რომ ყაზახეთში ქართველ გადამზიდავს სჭირდება ნებართვა. სააგენტოში გვეუბნებიან, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკება მიმდინარეობს.  ნებართვების გარეშე ვერ ვიმუშავებთ. საქართველოდან წასაღები არაფერია, მიგვაქვს პროდუქცია თურქეთიდან, მანქანა ქართული სანომრე ნიშნებითაა და როცა ტვირთი მიდის მესამე ქვეყანაში -  რუსეთში, უკრაინაში, მოლდოვაში, სადაც არ უნდა შევიდეთ გვჭირდება მესამე ქვეყნის ნებართვა'' - აცხადებენ აქციის მონაწილეები. 

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში გვითხრეს, რომ ყაზახეთის საკითხის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ნებართვებთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე კი პასუხი არ აქვთ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი