მთავარი მსოფლიოში

23 აპრილი 2021, 20:01 888 ნახვა

პატიმრობაში მყოფმა რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა  ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა შეწყვიტა. "ვიწყებ შიმშილობიდან გამოსვლას. წესით, ამას 24 დღე დასჭირდება", - წერს  სოცილურ ქსელში პოლიტიკოსი. გასულ კვირას  ალექსეი ნავალნის ექიმმა  ოპოზიციონერის ჯანმრთელობის საგანგაშო მდგომარეობის შესახებ განაცხადა. ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლები მოსკოვისგან ალექსეი ნავალნისთან  ექიმების დაშვებას და სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენას მოითხოვდნენ.  წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთს სერიოზული შედეგებით ემუქრებოდნენ.

უკრაინა რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში შესაძლოა ისრაელი ჩაერთოს. ოფიციალურმა კიევმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შუამავლის როლის შესრულება სთხოვა. ამის შესახებ ისრაელში უკრაინის ელჩმა განაცხადა. ელჩის თქმით, უკრაინულმა მხარემ უკვე მიმართა ისრაელის პრემიერ-მინისტრს შესაძლო შუამავლობის საკითხთან დაკავშირებით, რადგან მას კარგი ურთიერთობები აქვს როგორც პუტინთან, ასევე ზელენსკისთან. უკრაინელი დიპლომატის მტკიცებით, ნეთანიაჰუს შუამავლობის  თხოვნაზე უარი არ უთქვამს.

რუსეთმა პოლონეთის საელჩოს ხუთი თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. დიპლომატებმა რუსეთი 15 მაისამდე უნდა დატოვონ. „რუსი დიპლომატების გაძევებასთან დაკავშირებით პოლონეთის პროვოკაციულ ქმედებების საპასუხოდ, ნაცვალგების პრინციპზე დაფუძნებით, სამინისტრომ რუსეთის ფედერაციაში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს 5 თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. მათ რუსეთის ფედერაციის ტერიტორია 2021 წლის 15 მაისს დღის ბოლომდე უნდა დატოვონ,“- აცხადებენ სამინისტროში.15 აპრილს, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა.

ჩეხეთის სოლიდარობის ნიშნად, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი რუს დიპლომატებს აძევებენ. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარს რინკევიჩის განცხადებით, ლატვია არ შეეგუება დივერსიულ საქმიანობას არც საკუთარ და არც ქვეყნის პარტნიორებისა და მოკავშირეების ტერიტორიაზე. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყნიდან ერთი რუსი დიპლომატია გაძევებული. ჩეხეთის სოლიდარობის ნიშნად ლიეტუვამ პერსონა ნონ გრატად რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი გამოაცხადა. ჩეხეთმა 17 აპრილს 2014 წელს მომხდარ აფეთქებაში რუსეთის მოქალაქეები დაადანაშაულა და 19 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. საპასუხოდ, რუსეთმა  20 ჩეხი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მდიდარი მოქალაქეებისთვის გადასახადების გაზრდის ინიციატივით გამოდის. გადასახადების გაზრდამ ბავშვთა ზრუნვისა და განათლების დაფინანსებას უნდა შეუწყოს ხელი. როგორც თეთრ სახლში ამბობენ, ბაიდენის ინიციატივა მხოლოდ იმ ოჯახებს შეეხება, რომელთა წლიური შემოსავალი 400 ათას დოლარს აღემატება. მოსახლეობის ამ ნაწილისთვის საშემოსავლო გადასახადი 37%-დან თითქმის 40%-მდე გაიზრდება. ჯო ბაიდენი ინიციატივას მომდევნო კვირას გამოაქვეყნებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში