ქუთაისში, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში რიონის მცველებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
"ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ტექნიკური საკითხების დაგეგმვა მოხდება.
"აქ უნდა დაიგეგმოს უშუალოდ შეხვედრების ტექნიკური მხარე. რაც შეეხება ნამახვანში მიმდინარე მოვლენებს, ჩვენი მოთხოვნაა, თუკი ზოგადად უნდა ვისაუბროთ გაგრძელდება თუ არა დიალოგი, ხვალ და ზეგ პოლიცია უნდა გამოლაგდეს ხეობიდან. ამის შემდეგ ტექნიკურ დეტალებს გავივლით. პირველადი რაც არის მიწისა და ხელშეკრულების საკითხი და მოვითხოვთ გადაწყვეტილების მიმღები პირების ყოფნას იმ შეხვედრაზე. ეს უნდა იყვნენ ხელისმომწერი და გადაწყვეტილების მიმღები პირები“, - განაცხადა გოლეთიანმა.
პრემიერის დავალებით, დიალოგში საპარლამენტო უმრავლესობიდან მონაწილეობენ, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, სამტრედიის, წყალტუბოს, ხონის და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, უმრავლესობის წევრები დიმიტრი სამხარაძე და გოდერძი ჩანქსელიანი, რომლებიც მზად არიან "ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებთან დიალოგის გასაგრძელებლად.
შეხვედრას მედიის წარმომადგენლები არ ესწრებიან, თუმცა აქციის მონაწილეებს ვიდეოგადაღების შესაძლებლობა მიეცათ.