ქორწილების, ქელეხებისა და გართობის ღონისძიებების გამართვის მიზნით ფართის გადაცემა იკრძალება

08 აპრილი 2021, 14:14 5749 ნახვა

მთავრობის დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, სოციალური ღონისძიების გამართვის მიზნით ფართის გადაცემა იკრძალება.

ცვლილების თანახმად იკრძალება ფართის დათმობა სასყიდლიდ ან უსასყიდლოდ სოციალური ღონისძიების გამართვის მიზნით როგორიცაა: ქორწილი, იუბილე, ქელეხი და ა.შ.

ფართის მფლობელი ვალდებულია მიიღოს ყველა საჭირო ზომა, მათ შორის კონკრეტული ხელშეკრულების დაწესებით, რათა თავიდან იყოს აცილებული ფართის გამოყენება დადგენილებით აკრძალული მიზნებისთვის.

ფართის მესაკუთრე ასევე ვალდებულია დარღვევისთანავე ინფორმაცია აცნობოს შესაბამის სამსახურებს.

გარდა ამისა, თუ აკრძალული ღონისძიების გამართვას ახლავს კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული მოთხოვნების დარღვევა, შრომის ინსპექციის სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, უფლებამოსილია, დროებით შეზღუდოს გარეშე პირთა შესვლა ობიექტზე. ობიექტზე უნებართვოდ შესვლა, ლუქის ახსნა ან შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ამ ობიექტზე დაწესებული მოთხოვნების უგულვებელყოფა დაუშვებელია.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ქვეყანაში შეზღუდულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან, როგორიცაა მათ შორის ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.

ფართის მესაკუთრემ წინასწარ უნდა აცნობოს დამქირავებელს, რომ აკრძალულია ამ ღონისძიებების ჩატარება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შესაძლოა დაჯარიმდეს.

არსებული დადგენილებით პასუხისმგებლობა ეკისრება დამრღვევს. მას გამოეწერება ჯარიმა, ფიზიკური პირის შემთხვევაში ეს იქნება 2000 ლარი, იურიდიული პირის შემთხვევაში 10 000 ლარი.

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი