აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით აჭარაში 420-მდე მედიკოსი "ასტრაზენეკას" ვაქცინით აიცრა. როგორც უწყებაში ამბობენ, ამ დროისათვის 45 ჯავშანია გაკეთებული.
სპეციალურ ვებგვერდ booking.moh.gov.ge-ზე კი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მსურველი 8 490 პირია რეგისტრირებული, მათ შორის „ფაიზერით“ აცრის სურვილი 6 000-მა ადამიანმა გამოთქვა.
ამ ეტაპზე საქართველოში სულ 4 281 პირია აცრილი.
საქართველოში „ფაიზერით“ ვაქცინაცია 30 მარტიდან დაიწყება, რეგისტრაცია კი გუშინ 18:00 საათიდან გახდა ხელმისაწვდომი.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, Pfizer-ის ვაქცინა გამოიკვეთა როგორც ყველაზე ტრენდული ვაქცინა, თუმცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და მკაცრი მარეგულირებლები ამბობენ, რომ ყველა ვაქცინა ერთნაირად მაღალი სარგებლის მომტანია.