საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, დღეს საღამოდან „ფაიზერის“ ვაქცინა აისახება რიგის დაჯავშნის პორტალზე და მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, გააკეთონ არჩევანი „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერს“ შორის.
„ფაიზერის“, ისევე როგორც „ასტრაზენეკას“ ეფექტურობა ძალიან მაღალია, როგორც დაავადების გადაცემის თავიდან აცილების, ისე რთული და განსაკუთრებით ლეტალური შემთხვევების პრაქტიკულად აღმოფხვრის გზით. ამდენად გარანტირებული ხარისხი „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემთხვევაში რა თქმა უნდა გვაქვს. 65 წელს ზემოთ პირებისთვის გაიხსნა საიტი. ფაიზერით ვაქცინაცია საქართველოს მასშტაბით 6 კლინიკაში ჩატარდება.
გაბუნიას თქმით, „ფაიზერთან“ დაკავშირებით პერსონალისთვის დამატებით ჩატარდა ტრენინგი.
„ეს უკავშირდებოდა, როგორც განსაკუთრებული შპრიცის გამოყენების აუცილებლობას, ასევე შენახვის განსაკუთრებულ რეჟიმს. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ანტიშოკური მზაობა არის აუცილებელი სავალდებულო მოთხოვნა, არა მხოლოდ „კოვიდის“ საწინააღმდეგო ვაქცინისას, არამედ ნებისმიერი სხვა ვაქცინისაც. კლინიკები მზად არიან. იმედია, არ დაგვჭირდება მსგავსი რამ, მაგრამ მზაობა არის მაქსიმალური. ანაფილაქსიური მართვის პროტოკოლიც სამინისტროს უკვე აქვს რამდენიმე თვეა, პერსონალსაც ტრენინგი გავლილი აქვს.
ვფიქრობ, ტექნიკური მზაობა არის ძალიან მაღალი, მთავარია აქტივობაც გვქონდეს მაღალი, რომ ვაქცინების დოზები გამოვიყენოთ ბოლომდე. „ფაიზერის“ შემთხვევაში 21 დღე არის ის ინტერვალი, რომელიც უნდა დავიცვათ ინექციიდან ინექციამდე. მაშინ, როცა „ასტრაზენეკას“ დროს ინტერვალი არის რვიდან თორმეტ კვირამდე. ამიტომ, „ფაიზერის“ დოზები გაიყოფა ორ ნაწილად“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.