აშშ-ში, კოლორადოს შტატის ქალაქ ბოლდერში სუპერმარკეტში შეჭრილმა შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 10 ადამიანი მოკლა, - ამის შესახებ ინფორმაციას მედიასაშუალებები სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ერთი პოლიციელიცაა. სამართალდამცავებმა სავარაუდო თავდამსხმელი დააკავეს, რომელიც დაშავებულია. შემთხვევა ადგილობრივი დროით 14:30 საათზე „კინგ სუპერს“-ის სუპერმარკეტში მოხდა. სროლის ამსახველი კადრების ნაწილი თვითმხილველებმა სოციალურ ქსელებში პირდაპირ ეთერში გაავრცელეს. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მომხდარის შესახებ ინფორმირებულია.