დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტში ამბობენ, რომ ვაშლიჯვრის ფერდობზე სიტუაცია არასახარბიელოა. მეცნიერების განცხადებით, მოსახლეობა მზად უნდა იყოს ნებისმიერი სცენარისთვის. სპეციალისტების შეფასებით ნაპრალები ყოველდღიურად იზრდება. მათივე თქმით, ბოლო რამდენიმე დღეში 25 სმ-ით გაიზარდა ნაპრალის მოცულობა.
ექსპერტები ფერდობზე სამშენებლო სამუშაოების სასწრაფო შეჩერებას ითხოვენ. მეცნიერები აცხადებენ, რომ არასათანადო აპარატების არარსებობის გამო, მათ სრულფასოვანი კვლევის ჩატარების საშუალება არ ეძლევათ.
"ჩავატარეთ კვლევა, რომელმაც ასევე დაადასტურა, ჩვენი ეჭვები იმის შესახებ, რომ ის სიღრმე რაც არის რეალურად მასზე მეტია. ჯერჯერობით ახლა გვაქვს 18 მეტრი. ის რაც ხილულია, რომ იქ მოსკდა ეს არ არის მასის რეალური დაძვრის საზღვარი. ეს სურათები გადავაგზავნეთ ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან გუშინ. გვითხრეს, რომ აუცილებელია გადამკვეთი პროფილების გაკეთება, ის ერთი მოვასწარით, რადგან საკმაოდ დიდი სამუშაოა, თან უსაფრთხოების ნორმებია დასაცავი. დღეს დავიწყებთ უკვე გადამკვეთი პროფილების გაკეთებას, რომ დაახლოებით ტომოგრაფიული სურათი მივიღოთ ელექტროძიებით"-განაცხადა თეა გოდოლაძემ.