მაუწყებლის ყოფილი თანამშრომლის სარჩელი - სასამართლო სხდომა

18 მარტი 2021, 18:02 336 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში   საზოგადოებრივი  მაუწყებლის  აჭარის ტელევიზიისა და რადიოს  წინააღმდეგ ყოფილი თანამშრომლის სარჩელზე მორიგი სხდომა გაიმართა. შორენა ღლონტი, რომელიც ბოლოს მაუწყებელში ვებგვერდის კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა,  ამ პოზიციაზე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ამ თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა უკანონოდ. შორენა ღლონტის ინტერესებს  ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის ცენტრი იცავს.  მაუწყებლის  ყოფილმა თანამშრომელმა კომენტარი არ გააკეთა.  იგი ასევე  საინფორმაციო სამსახურიდან გათავისუფლებასაც ასაჩივრებს, საქმეზე სასამართლო სხდომა ჯერ არ ჩანიშნულა. 

მოსარჩელემ ორივე საქმის გაერთიანების შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს,  რასაც მოპასუხე მხარე არ ეთანხმება და განმარტა, რომ  ორივე შემთხვევაში განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებებია და ორივე თანამდებებოდან გათავისუფლებას სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლები აქვს.   

მაუწყებლის ინტერესების დამცველი მიუთითებს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს ვებგვერდის კონსულტანტის თანამდებობა    და საინფორმაციო სამსახურსაც ჰყავს ხელმძღვანელი. გარდა ამისა, მაუწყებელი განმარტავს, რომ შორენა ღლონტი ვებგვერდის კონსულტანტად ზეპირი შეთანხმებით იყო დანიშნული 3 თვის ვადით,  ხელშეკრულებას კი  ვადა გაუვიდა.

მხარეებმა დღეს სასამართლოს დამატებითი მტკიცებულებები გადასცეს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ირმა ტოგონიძე  შუამდგომლობების შესახებ, მხარეებს მოგვიანებით ეცნობებათ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში