ვაშლიჯავარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერული პროცესები გააქტიურდა და მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილია ნაპრალები. ფერდობზე შესამჩნევია დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები.
ადგილზე სპეციალისტები იმყოფებიან და მდგომარეობას სწავლობენ. მათ შეფასებით, სიტუაცია კრიტიკულია, რაც არასწორმა სამშენებლო პოლიტიკამ გამოიწვია.
ამ დროისთვის ტერიტორიაზე საავტომობილო გადაადგილება შეზღუდულია.
დღეს დილიდან ვიდეომასალას ავრცელებს ლაშა სუხიშვილი, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის თანამშრომელია. მის გავრცელებულ ვიდეომასალაში მეწყრისგან გაჩენილი ნაპრალის სიგანისა და სიღრმეზე წარმოდგენის შექმნაა შესაძლებელი. იმ ადგილას, სადაც ვიდეოა გადაღებული მიწის ორ ნაწილს შორის დაშორება 1 მეტრამდეა, სიღრმე კი მინიმუმ ორ მეტრამდე.
ექსპერტების შეფასებით, ნუცუბიძეზე 500 მლნ კუბური მეტრი მიწა უკვე დაახლოებით 10 მეტრით დაიძრა.
"მიწა დაძრულია, უხეში შეფასებით აქ საუბარია 500 მილიონ კუბურ მეტრზე. გასაკეთებელია ის, რომ აქ მიმდინარე მშენებარე პროცესი უნდა შეჩერდეს, თუმცა მიუხედავად იმისა, ეს პროცესი შეჩერდება თუ არა, მეწყრის გადაადგილებას ეს არ შეაჩერებს'' - ამბობს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა სუხიშვილი.
"დავიწყეთ აგეგმვა და სპეციალური გეოდეზიური დაკვირვების სისტემით ვცდილობთ, რომ მონიტორინგი ვაწარმოოთ და შევაფასოთ თუ რა სიჩქარით გადაადგილდება ეს მოწყვეტილი მიწა. პირველადი შეფასებით ეს არის ნახევარი მილიონი კუბი და დაძრულია უკვე 10 მეტრის მანძილზე''.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩაზე და მიმდებარე ფერდზე გააქტიურებულ მეწყრულ პროცესებს გერმანელი სპეციალისტები შეისწავლიან და დაიწყება სამუშაოები, რათა გზა მალე გაიხსნას და მასზე გადაადგილება უსაფრთხო იყოს.
მისივე თქმით, მეწყრული პროცესი კავშირში არ არის მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ მიმდინარე ახალი გზის მოწყობის სამუშაოებთან
„გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია. ეს არ არის დღეს და გუშინ დაწყებული. ეს არის წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესი. როგორც კი შევატყვეთ, რომ საფრთხე იყო, პრევენციული ღონისძიებები იქნა გატარებული, მაჭავარიანის ქუჩა გადაიკეტა ორმხრივად, მიმდინარეობს პროექტირება. ორშაბათს ველოდებით გერმანიიდან სპეციალისტებს და უახლოეს მომავალში დაიწყება სამუშაოები, იმისთვის, რომ გზა რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას და უსაფრთხო იყოს გადაადგილება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
თბილისის მერია ამ ტერიტორიაზე 2019 წლიდან ლისის ტბიდან გელოვანის გამზირზე ჩამოსასვლელ ახალ გზას აშენებს.