„ნოვოვაქსის“ გაყიდვა ივლისში დაიწყება და როგორც ამბობენ, მისი პირველი მომხმარებელი საქართველო იქნება - თენგიზ ცერცვაძე

18 მარტი 2021, 14:10 3142 ნახვა

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ანტივაქცინურმა კამპანიამ მოსახლეობის ნაწილზე იმოქმედა და ამის გამო, ვაქცინაციის პროცესში დაბალი აქტივობაა.

„რამდენიმე კვირით დაგვიანდა ვაქცინის პირველი შემოტანა, მაგრამ წყვეტა აღარ იქნება. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ქართველ ხალხზე, ჯანდაცვის სისტემაზე, ქვეყნის ხელმძღვანელობაზე, რამდენად მოახერხებენ საზოგადოებრივი აზრის და მთლიანად ხალხის მობილიზებას. ასეთი დაბალი აქტივობა იმიტომ არის, რომ თავიდან საყვედურები იყო, რომ ვერ შემოგვაქვს ვაქცინა, როგორც კი შემოვიტანეთ, არ მინდა ცალკეული პირები და ტელევიზიები დავასახელო, მაგრამ გაჩაღდა ანტივაქსერული კამპანია: ეს არის ცუდი ვაქცინა, ქართველებზე მთავრობა ექსპერიმენტებს ატარებს, არ გაიკეთოთ ეს ვაქცინა, მას აქვს უამრავი გვერდითი მოვლენა, შეიძლება გამოიწვიოს სასიკვდილო შემთხვევები, 13-მა ქვეყანამ შეაჩერა ამ ვაქცინის გამოყენება და ა.შ. ეს იყო აღვირახსნილი, საკუთარი ქვეყნის სიძულვილით გაჟღენთილი და ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული ყოვლად უსაფუძვლო კამპანია.

სამწუხაროდ, ამ კამპანიამ იმოქმედა მოსახლეობის ნაწილზე. ამას დაემატა კიდევ ამბიციადაუკმაყოფილებელი ექიმების და ვაიექსპერტების გამონათქვამები, რომ მე არ გავიკეთებ ვაქცინას და მოგიწოდებთ, თქვენც არ გაიკეთოთ. ამ ყველაფერმა განაპირობა, რომ დღეს გვაქვს დაბალი აქტივობა.

პარადოქსია, ჯერ გვსაყვედურობდნენ, რომ არ არის ვაქცინა და ამიტომ ვერ იხსნება ეკონომიკა, ახლა, როცა ვაქცინა გვაქვს და საკმარისი რაოდენობით გვექნება წლის ბოლომდე, არავინ ჩქარობს მის გაკეთებას“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თბილისის ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ნოვოვაქსის“ გაყიდვა ივლისში დაიწყება და როგორც ამბობენ, მისი პირველი მომხმარერბელი საქართველო იქნება.

„რაც ყველაზე მთავარია, პრაქტიკულად გამზადებულია მილიონიანი ხელშეკრულება ერთ-ერთ ყველაზე კარგი ვაქცინის შემოსატანად. ეს არის „ნოვოვაქსი“, რომელიც ჯერ მსოფლიოში არ გაყიდულა. მისი გაყიდვა დაიწყება ივლისში და პირველი მისი მომხმარებელი იქნება საქართველო, როგორც ამბობენ და მე მჯერა. გავეცანი დოკუმენტაციას, ეს იქნება მსოფლიოში ყველაზე უკეთესი ვაქცინა, რომელიც განსხვავებული ტექნოლოგიით იქნება დამზადებული, ვიდრე სხვა დანარჩენი ვაქცინა“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, საერთაშორისო აღიარებისა და ეფექტურობის დამტკიცების შემთხვევაში საქართველოში შესაძლოა  ჩინური ვაქცინა შემოიტანონ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი