ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

17 თებერვალი 2021, 22:19 1015 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.  გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

"ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ, აღკვეთის ღონისძიება  გირაო, შეიცვალოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, პატიმრობით. ბრალდებულ ნიკა მელიას პატიმრობის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან, ხოლო დაკავების შემთხვევაში მოთავსებული იქნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში. განჩინების შესრულება დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად თბილისის სააპელაციო სასამართლოში. სასამართლო ხელმძღვანელობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სისხლის სამართლის 200-ე მუხლის მეხუთე მეშვიდე ნაწილში პირდაპირ არის გაწერილი, რომ თუ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული არის გირაო და დაირღვა დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე შეიცვალოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით" - განაცხადა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა.

პროცესს თავად ბრალდებული ნიკა მელია არ ესწრებოდა.

საქმის პროკურორის განცხადებით კი გირაოს არ გადახდამ და სხვა გარემოებებმა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი შექმნეს.

„ჩვენი პოზიცია იყო დასაბუთებული, გამომდინარეობდა კანონმდებლობიდან, შესაბამისად, სასამართლომ, როგორც ჩანს, გაიზიარა ჩვენი პოზიცია და დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრალდებულის არასათანადო ქცევა, არ გამოცხადება საგამოძიებო ორგანოში, სასამართლოსადმი უპატივცემულობა, მთელი ამ პროცესისადმი მისი არა კეთლისინდისიერი დამოკიდებულება სისხლის სამართლებრივი პერსპექტივიდან გამომდინარე, გირაოს შეგნებულად არ გადახდა და სხვა გარემოებები, ბუნებრივია, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნიდა. აქედან გამომდინარე, მას შეასრულებს შესაბამისი ორგანო მაქსიმალურად გონივრულ ვადაში. კანონმდებლობაში აღსრულების კონკრეტული ვადა არ არსებობს. იმედს გამოვთქვამთ, რომ განსხვავებით საგამოძიებო ორგანოსა და სასამართლოში არ გამოცხადებისა, ბრალდებული ამ შემთხვევაში მაინც გამოცხადდება შესაბამის ორგანოში და იმოქმედებს სათანადოდ" - განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.

ნიკა მელიას ადვოკატის განცხადებით სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება დააზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. 

"დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება ძალიან მძიმე შედეგების მომტანი, არა მხოლოდ სასამართლოსა და პროკურატურისთვის, არამედ ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის და ეს დააზიანებს ქვეყნის ნორმალურ, დემოკრატიულ განვითარებას.  სამწუხაროდ სამართლებრივი ბერკეტები არის, რომ შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად საჩივრდება. ჩვენ დავინახეთ, რომ სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული არანაირი არგუმენტაცია და ბრმად შეასრულეს დაკვეთა. სანამ სასამართლო იქნება ბრმად პოლიტიკური დამკვეთის შემსრულებელი, საქმეზე რაც არ უნდ მყარი პოზიცია გქონდეს დაცვის მხარეს, არაფერს აზრი არ ექნება. აი ეს უნდა შეიცვალოს"- განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში