საპროტესტო აქციაა აჭარის მთავრობის სახლთან, მოქალაქეები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ

15 თებერვალი 2021, 16:17 1686 ნახვა

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციაა, სადაც ე.წ ოცნების ქალაქის მცხოვრებლები და სხვადასხვა სოციალური პრობლემის მქონე მოქალაქეები შეიკრიბნენ. ისინი თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას და საკითხების მოგვარებას და  ასევე  გარანტიებს ითხოვენ, აცხადებენ, რომ ბინის გარეშე არცერთი მოქალაქე არ უნდა დარჩეს, რომ თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ.

"ამინდმა არ შეუწყო ხელი ფართომასშტაბიანი აქციის ორგანიზებას. ეს არის ერთგვარი გამაფრთხილებელი აქცია. ჩვენი მოთხოვნაა 1740 ოჯახზე გაკეთდეს ინდივიდუალური ხელშეკრულება იმის თაობაზე ,თუ რომელ ეტაპზე დააკმაყოფილებენ ადამიანებს ''ოცნების ქალაქში'' ეს იქნება ბინა, ფულადი კომპენსაცია თუ დაკანონება. მე ვსაუბრობ "ოცნების ქალაქის" სამივე დასახლების სახელით" - განაცხადა მარინა ბერიძემ.

აქციაზე იმყოფებიან სოფელ კირნათში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც რამდენიმე თვეა ჰესის მშენებელი კომპანიისგან კომპენსაციებს ითხოვენ.

მთავრობის სახლთან შეკრებილები ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.

"მიგვიღონ კაბინეტში ტელევიზიასთან ერთად რამდენიმე ადამიანი მაინც, რომ ვუთხრათ პირადად ჩვენი გასაჭირი"- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციაზე იმყოფება უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე. მისი თქმით, მთავრობას საკითხების მოსაგვარებლად 10 დღიან ვადას აძლევენ. 

"დღევანდელი ამინდიდან გამომდინარე აღარ გავშლით კარვებს, რაც დაგეგმილი გვქონდა. ჩვენ არ ვუერთდებით აქ მიმდინარე აქციას. ეს არის სოციალური აქცია.

ჩვენ 10 დღიან ვადას ვაძლევთ მთავრობას პრობლემების მოსაგვარებლად. ვითხოვთ მათ შეხვდეს ხელისუფლება. აქ არიან ავტობანის მშენებლობის დროს დაზარალებულები, ჰესების მშენებლობით დაზარალებულები, თვითდასაქმებულები, იპოთეკარები და ''ოცნების ქალაქში'' მცხოვრებლები. ისინი ითხოვენ კატეგორიების დადგენას, ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს'' - განაცხადა თამაზ ბაკურიძემ. 

აჭარის მთავრობის სახლში, მოლაპარაკებაზე აქციის რამდენიმე მონაწილე, ცოტა ხნის წინ შევიდა.  

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი