განათლების სამინისტრო დღეს, 10 თებერვალს თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობას აძლევს, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.
დისტანციური სწავლების მსურველებმა უნდა მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას და ასევე გაიარონ რეგისტრაცია სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე:
https://online.emis.ge
ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ოთხშაბათს 00:00 - 23:59 საათის შუალედში. სწორედ ამ დროს იქნება ღია სარეგისტრაციო ველი.
სწავლის დისტანციური ფორმატის არჩევის შესაძლებლობით უკვე სარგებლობენ ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გარდაბანში, ფოთში, მარნეულში, ბათუმში, ქობულეთსა და გორში მდებარე საჯარო სკოლების მოსწავლეები, სადაც სწავლა 1-ლი თებერვლიდან საკლასო ოთახებში გაგრძელდა. დღეიდან კი ეს შესაძლებლობა თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მდებარე საჯარო სკოლების მოსწავლეებსაც აქვთ.
გარდა ამისა, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ის მასწავლებლები, რომლებსაც მოუწევთ დისტანციური გაკვეთილების დამატებით ჩატარება, შესაბამის დანამატს მიიღებენ.