ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დავით გარეჯის საკითხის პოლიტიზებისგან ყველამ თავი შეიკავოს და ქვეყნის ინტერესს გაუფრთხილდეს.
მისივე განცხადებით, პროკურატურას უნდა მიეცეს საშუალება, რომ საქმე სწორად შეისწავლოს.
„როდესაც, იმ დროინდელი ქვეყნის პრეზიდენტი, პრაქტიკულად აძლევს მითითებას კომისიას და აკეთებს კომენტარს, რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის ახდენს გავლენას კომისიის მუშაობაზე. როდესაც გარეჯზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც უკვე აღვნიშნე, გარეჯის საკითხის პოლიტიზება არ მოვახდინოთ. მაქსიმალურად გავუფრთხილლდეთ ჩვენი ქვეყნის უფრო დიდ ინტერესს, რომელიც წარმოადგენს, ქვეყნებს შორის გარეჯის საქართველოს ტერიტორიად შეთანხმებას.
პროკურატურა იძიებს საქმეს, შესაბამისად ამ გამოძიების ფარგლებში უნდა მივცეთ პროკურატურას საშუალება, რომ სრულფასოვნად შეაფასოს, შეისწავლოს საქმე და შესაბამისად, პროკურატურას აქვს უფლება, რომ დაიბაროს ნებისმიერი ადამიანი, დასვას კითხვა, რომელიც ეხება ამ საქმეს. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც შესაბამისად დავით გარეჯის საქმესთან ან ნებისმიერ სხვა საქმესთან ჰქონდა შეხება, ასევე ჩვენ ყველას, განსაკუთრებით ყოფილ ან არსებულ საჯარო მოხეელეებს გვაქვს ვალდებულება, რომ ვუპასუხოთ ყველა კითხვას ზედმეტი პოლიტიზების გარეშე“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.