თუ "ქართული ოცნება" კოლეგებს უფლებამოსილებას შეუწყვეტს, ,,გირჩის'' მოქმედი პარლამენტის წევრებიც მანდატებზე უარს იტყვიან - "გირჩი"

01 თებერვალი 2021, 11:30 1223 ნახვა

"გვინდა ვთხოვოთ ჩვენს კოლეგებს ,,ქართული ოცნებიდან'', საქმით აჩვენონ თანამშრომლობის სურვილი. ნუ დაუჭერენ მხარს, საკუთარი კოლეგების პარლამენტიდან გაძევებას"-ამის შესახებ "გირჩი" სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

პარტიაში მიაჩნიათ, რომ კოლეგებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა მოლაპარაკების პროცესს აზრს დაუკარგავს  და კრიზისს გააღრმავებს.

მათივე განცხადებით, „ქართული ოცნება“ კოლეგებს უფლებამოსილებას თუ შეუწყვეტს, „გირჩის“ მოქმედი პარლამენტის წევრებიც უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებებს დაუყოვნებლივ ჩააბარებენ.

"ხვალ, ,,ქართული ოცნება'' განიხილავს ოპოზიციური პარტიებიდან არჩეული 51 პარლამენტარის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. პარალელურად, მეგობარი ელჩების შუამავლობით მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი და არც ერთი მხარე საჯაროდ არ გამოთქვამს მოლაპარაკების შეწყვეტის სურვილს და არც იღებს პასუხისმგებლობას ჩაშლაზე.

,,ქართული ოცნება'', როგორც მმართველი პარტია არის მთავარი პასუხისმგებელი საკამათო არჩევნების ჩატარებაზე და ლოგიკურია, რომ მას ეკისრება მომეტებული პასუხისმგებლობა განვითარებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზეც.

ჩვენი აზრით, კოლეგებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მოლაპარაკების პროცესს აზრს დაუკარგავს, კრიზისს გააღრმავებს და შესაძლოა შეუქცევადი გახადოს.

 

ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, გვინდა ვთხოვოთ ჩვენს კოლეგებს ,,ქართული ოცნებიდან'', საქმით აჩვენონ თანამშრომლობის სურვილი. ნუ დაუჭერენ მხარს, საკუთარი კოლეგების პარლამენტიდან გაძევებას. გადადონ ამ გადაწყვეტილების მიღება და დატოვონ დრო დისკუსიისათვის, რათა პარლამენტის წევრებმა და მათმა ამომრჩეველმა გაიაზრონ შეთანხმების მნიშვნელობა და შეუთანხმებლობის რისკები, ხოლო საბოლოო მოლაპარაკების რაუნდის წინ ამ რისკების გააზრებით მივიდეთ.

თუ მიუხედავად ჩვენი გულწრფელი თხოვნისა, ,,ქართული ოცნება'' მაინც შეუწყვეტს კოლეგებს უფლებამოსილებას, ამას მივიღებთ ,,ქართული ოცნების'' მხრიდან მთელ ოპოზიციასთან მოლაპარაკების შეწყვეტის გააზრებულ გადაწყვეტილებად და ,,გირჩის'' მოქმედი პარლამენტის წევრებიც დაუყოვნებლივ ჩააბარებენ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებებს."- წერია "გირჩის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი