ქვეყანაში ყველაფერი ერთბაშად რომ გაიხსნას იგივე მოხდება, რაც ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა

29 იანვარი 2021, 13:38 837 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, ქვეყანაში ყველა ბიზნესის ერთდროულად გახსნა ვერ მოხდება. ამირან გამყრელიძის თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია დადებითობის მაჩვენებელზე და ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. 

​რაც შეეხება აჭარას, შეზღუდვების შემსუბუქება ინფიცირების შემთხვევების კლებას უკავშირდება. 

გამყრელიძის განმარტებით, თუ გახსნა არ იქნება ზომიერი, ქვეყნა ნოემბერში არსებულ ვითარებაში დაბრუნდება. 

''ზაფხულში ჩვენ გვქონდა დღეში დაახლოებით 10-15 და ზოგჯერ უფრო ნაკლები ახალი შემთხვევა. ჩვენ სექტემბრის შუა რიცხვებამდე ეპიდემიის გავრცელების ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი გვქონდა. შემდეგ გავიარეთ ძალიან მძიმე მეორე ტალღა. არ ვისურვებდი, რომ ჩემმა ქვეყანამ ამ მასშტაბის კიდევ მესამე ტალღა გაიაროს. 

სოლიდარული ვარ, მესმის რესტორნების მფლობელების, ასევე სხვა ბიზნესის, სამთო კურორტების, ყველასი, მაგრამ ქვეყანაში ყველაფერი ერთბაშად, რომ გაიხსნას იგივე მოხდება, რაც ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა. ამას არ ვისურვებდი. ვერავითარ შემთხვევაში ამას მხარს ვერ დავუჭერ, რომ ისევ და ისევ შევიდეთ ამ მასშტაბის ტალღაში. ეს ვირუსი არსად არ გამქრალა, აგერ არის გვერდით, ყველგან ტრიალებს. 

ერთბაშად დიდი მობილობა არ შეიძლება. უნდა ვიყოთ ფრთხილად და დავაკვირდეთ ორი კვირის მონაცემებს. რიგითობით უნდა გაიხსნას ბიზნესი. აჭარაში იხსნება, რადგან კარგი მაჩვენებელი გვაქვს, დადებითობის მაჩვენებელი 1%-ია. აქედან გამომდინარე აჭარაში ცოტა მეტი ლიბერალიზაცია გაკეთდა, რესტორნების გარე  სივრცეები იხსნება, მაგრამ აქაც უნდა იყოს დაცული ყველა წესი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, თანდათან, რესტორნებიც გაიხსნება''- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

30 იანვარს, თბილისში არსებული 150-მდე რესტორანი ბოიკოტის ნიშნად 24 საათით მუშაობას შეწყვეტს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში