ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით სათხილამურო კურორტებისა და რესტორნების გახსნას ამ ეტაპზე ვერ ვახერხებთ - მაია ცქიტიშვილი

26 იანვარი 2021, 16:31 940 ნახვა

მთავრობის ადმინისტრაციაში ტურიზმის სფეროს, სარესტორნო ბიზნესისა და ეპიდემიოლოგების შეხვედრა დასრულდა. ტურიზმისა და სარესტორნო სფეროს წარმომადგენლები მზად არიან რეკომენდაციების სრული დაცვით განაახლონ მუშაობა.

ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ჯერ-ჯერობით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით სამთო-სათხილამურო კურორტებისა და რესტორნების გახსნა არ იგეგმება.

"ბიზნესთან კომუნიკაციის პროცესი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩენ კარგად გვესმის, რომ იმ ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ შეეხო შეზღუდვების შემსუბუქება აქვთ რთული ვითარება, თუმცა ისიც კარგად გვესმის და დღეს ამაზეც ვისაუბრეთ, რომ ყველას გვაქვს იმის პასუხისმგებლობა, რომ ამ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ფონი ვმართოთ და სწრაფად შევძლოთ ქვეყნის და ტურიზმის გახსნა ისეთი სახით, რომ არ მოგვიწიოს ისევ შეზღუდვების დაწესება. 

აქედან გამომდინარე, ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ როგორც ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე დაყრდნობით, ასევე საერთო ზოგადი ვითარების ანალიზით და ავტორიტეტული ორგანიზაციების საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. ამას ეფუძნება შეზღუდვების მოხსნის გეგმა. დღეს, ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან იყო ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიმართ კითხვები, უნდოდათ უფრო მეტი ინფორმაცია მიეღოთ. დღეს გვქონდა იმის საშუალება, რომ პასუხი გაგვეცა იმ კითხვებზე, რომელზეც ბიზნესი ლოგიკას ვერ ხედავდა.  მათ შორის საუბარი გვქონდა იმაზე, თუ როგორ შეიძლება ერთობლივად ვიმუშაოთ, რომ შეზღუდვების მოხსნა იყოს კარგად მართვადი პროცესი, რომელიც არ მოგვიტანს ინფიცირების შემთხვევების მატებას.

სათხილამურო კურორტებზე ბევრი დამსვენებლის ერთდროულად ჩასვლა არის ყველაზე მაღალი საფრთხე რაც იწვევს ინფიცირების მაჩვენებლის სწრაფად ზრდას. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სათხილამურო კურორტები დღეს-დღეობით არ ფუნქციონირებენ. ასეთივე რისკები გვაქვს დღეს ჩენ საქართველოშიც. ამიტომ მათ გახსნას 1 თებერვლიდან ვერ ვახერხებთ ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით.

 

ბიზნესის მხრიდან  ნამდვილად იყო იმის განცდა, რომ ჩვენ ერთად ვმუშაობთ და მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესს აქვს პრობლემები, ჩვენ ერთად გვაქვს ის მიზანი, რომ ეპიდემიოლოგიური ფონი არ გავაუარესოდ.

 

რაც შეეხება სარესტორნო ბიზნესს, მათაც ავუხსენით დღეს, რომ ვხელმძღვანელობთ იმ მაჩვენებლებით, რომლებიც განსაზღვრავს ეპიდემიოლოგიურ ფონს. როგორც კი გვექნება საშუალება , როგორც აჭარაში, დადებითობის მაჩვენებელი აღმოჩნდება 4 %-ში ან მასზე ნაკლები,  ამა თუ იმ რეგიონში და ზოგადად ქვეყანაში , შემსუბუქების შემდგომი ეტაპი დაიწყება.

იცით რომ მალე მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგება, სკოლებში ბავშვები დაბრუნდებიან, მაღაზიები იხსნება. ანუ ჩვენ შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი დავიწყეთ და  ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება, მაგრამ ფრთხილად და დიდი პასუხისმგებლობით. ეს პასუხიმგებლობა კი მართებს არა მხოლოდ სახელწიფოს, ასევე ბიზნესს და მოქალაქეებსაც. უნდა გავუფრთხილდეთ შედეგს, რომელიც გვაქვს.  მსგავსი შეხვედრები სამომავლოდაც გვექნება. ეკონომიკური გუნდი უახლოეს დღეებში ბაზრობების წარმომადგენლებს შეხვდება, ასევე ტუროპერატორებსაც. 

5 პუნქტინი გეგმა, რომელიც ბიზნესმა წარმოადგინა გავეცანით, რამდენიმე პუნქტი უკვე შესრულებულია და პროცესი გრძელდება. თუნდაც ის რომ პირველი თებერვლიდან ფრენებზე შეზღუდვა იხსნება. დღესაც გვქონდა  საუბარი თუ როგორ შეგვიძლია გავხსნათ ტურიზმი, მაგრამ ეს არის ორმხრივი პროცესი. ამას ცალმხრივად ვერ აღადგენ. ისრაელს ვუყურებდით, როგორც ჩვენ პოტენციურ ბაზარს, მაგრამ  გავიგეთ, რომ ისრაელმა ერთი კვირით ქვეყნიდან გასვლაც კი აკრძალა.  ლოგიკა არის ასეთი: სადაც გვაქვს საშუალება, რომ რამე გავხსნათ ვხსნით. აჭარაში ერთი კვირის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდა 4%-ს, ამიტომ ჩვენ რეგიონში შეზღუდვები შვამსუბუქეთ. ჩვენ არ შეგვიძლია ყველაფერი ერთად გავხსნათ, როგორც კი ერთდროულად გავხსნით, ერთ თვეში მივიღებთ იგივე ვითარებას, რაც ადრე გვქონდა" - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში