''ბორჯღალოსნები'' რუსეთის ნაკრებს 7 თებერვალს დაუპირისპირდებიან

26 იანვარი 2021, 11:43 2178 ნახვა

ბორჯღალოსნები 2021 წლის პირველ მატჩში რაგბი ევროპის 2020 წლის დასკვნითი ტურის მატჩს თბილისში, რუსეთის წინააღმდეგ 7 თებერვალს გამართავენ.

რაგბი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა „მიხეილ მესხზე“ შედგება და 15 საათზე დაიწყება. კოვიდ-პანდემიის გამო ეს თამაში ორჯერ მარტში და ნოემბერში გადაიდო. ეპიდვითარებიდან გამომდინარე ტრიბუნებზე გულშემატკივარი არ დაიშვება.

ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია 1993 წლიდან იწყება და პირველ მატჩში მეტოქემ 15:9 იმარჯვა. მას შემდეგ ერთადერთხელ, 2002 წელს დაფიქსირდა ფრე, ხოლო დანარჩენ 21 შემთხვევაში საქართველომ გაიმარჯვა.

ბორჯღალოსნებმა ყველაზე დიდი სხვაობით მეტოქე 2012 წელს 46:0 დაამარცხეს. სასელექციო შეკრებაზე ლევან მაისაშვილმა 22 მორაგბეს უხმო, თუმცა ვინ მოხვდება ამ მორაგბეებიდან რუსეთთან გასამართი მატჩის წინა შეკრებაზე, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა.

''ამ ერთი კვირის განმავლობაში დავაკვირდებით მოთამაშეების ფიზიკურ და ტექნიკურ მდგომარეობას და უკვე მომდევნო კვირიდან, დასახელდება ის 30-32 მორაგბე, რომლებიც უშუალოდ რუსეთთან სათამაშოდ მოემზადებიან''- განაცხადა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.

12 თებერვლამდე გამოქვეყნდება 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის კალენდარი. ახალი გათამაშება თებერვლის მეორე ნახევარში უნდა დაიწყოს. 2021 წელს ბორჯღალოსნებს ამავდროულად, 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მატჩები ელოდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში