ბაკურიანში ობიექტების დატოვებასთან დაკავშირებით მითითება არ ყოფილა - ბექა ფერაძე 

18 იანვარი 2021, 13:30 1390 ნახვა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა, რომ ბაკურიანში მხოლოდ სასტუმროები შეამოწმეს და საოჯახო ტიპის სახლებში მაკონტროლებლების ვიზიტი არ განხორციელებულა. 

ბექა ფერაძის თქმით, შესაბამისად არავინ დაუჯარიმებიათ. 

''ზედამხედველობას ვახორციელებთ არა მხოლოდ ბაკურიანში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით.ბოლო დღეების განმავლობაში ერთ-ერთი გეგმიური მონიტორინგი განხორციელდა ბაკურიანში. შევამოწმეთ რამდენიმე აპარტამენტის სტატუსის მქონე ობიექტი. იყვნენ ისინი სტატუსის მატარებლები თუ იყო კერძო საცხოვრებელი. არცერთი კერძო საცხოვრებელი ინსპექციას არ შეუმოწმებია და მითუმეტეს ჯარიმაზე არ ყოფილა საუბარი. 

დადგენილებით აკრძალულია სასტუმროების ფუნქციონირება და მხოლოდ და მხოლოდ მისი გადამოწმება მოხდა. ობიექტების დატოვებასთან დაკავშირებით მითითება არ ყოფილა. არცერთი ჯარიმა არ არის დაწერილი,  ეს არის ფაქტი. 

აკრძალული არის გასართობი ღონისძიებები და სასტუმროების ფუნქციონირება, იმისათვის, რომ მობილობა შემცირდეს. კერძო საცხოვრებლებთან დაკავშირებით არაკანონიერი ქმედება არ განხორციელებულა'' - განაცხადა ბექა ფერაძემ. 

მისივე თქმით, ჯერ-ჯერობით უცნობია როდის ჩაირთვება საბაგიროები. 

''ეტაპობრივად მიმდინარეობს გეგმის შემუშავება ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით და უახლოეს პერიოდში  ყველა დეტალი გახდება ცნობილი'' -  განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში