ბათუმში ყოფილი უნივერსამის შენობას, დღეს, დილით ბოქლომი დაადეს და მოვაჭრეები მაღაზიების გახსნას ვეღარ ახერხებენ. მაკონტროლებლებმა უთხრეს, რომ შენობაში წესებს ვერ იცავენ.
შპს დი-ენ -შოპში 200-მდე დასაქმებულია, ისინი ამ წუთებში აქციას მართავენ და გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
ამბობენ, რომ სავაჭრო ცენტრი გუშინ მუშაობდა, არ იყო ხალხმრავლობა და ისინი წესებს ზედმიწევნით იცავდნენ.
"სკოლის დაწყების დროსაც და ახლაც, საახალწლოდ, დაგვკეტეს. ერთის მაგიერ ორი პირბადით დავდივარ, ყველანაირი სადეზინფექციო ხსნარები გვაქვს, გეკითხებით კიდევ რა გავაკეთოთ? სესხი მაქვს აღებული... გუშინ გაიხსნა და დღეს დილით დახურეს. ობიექტს შემოსასვლელიც და გასასვლელიც თავისუფალი აქვს. აქ პრობლემა მაგის გამო არ შეიქმნება. ყველაზე ცოტა ხალხი უნივერსამში მოძრაობს. იმიტომ, რომ ჩვენ აღარ გვაქვს კარგი მუშაობა და ვაჭრობა'' - აცხადებენ დასაქმებულები.
თავად ობიექტის მფლობელიც ამბობს, რომ შენობაში გუშინ ხალხმრავლობა არ ყოფილა და კონკრეტულად რა გახდა სავაჭრო ცენტრის დაკეტვის მიზეზი არ იცის. უნივერსამის შენობაში დახლები პატარა ბარიერებითაა გაყოფილი. ადმინისტრაციაში ფიქრობენ, რომ სწორედ ეს გახდა აკრძალვის მიზეზი.
გადაწყვეტილება შრომის უსაფრთხოების ინსპექციამ მიიღო.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მოლებმა მუშაობა 24 დეკემბერს განაახლეს. მათ მკაცრი წესების დაცვა უწევთ. 20კვ მეტრზე დასაშვებია მხოლოდ ერთი ადამიანის შესვლა.