24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლის სავაჭრო ცენტრები გაიხსნება

22 დეკემბერი 2020, 13:25 2881 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში კოვიდ-უსაფრთხოების ყველა წესის დაცვის შემთხვევაში მუშაობას განაახლებენ სავაჭრო ობიექტები.

"მივიღეთ გადაწყვეტილება დამატებითი რეგულაციების დაწესების თაობაზე, რომელიც მეტად დაიცავს ჩვენს მომხმარებლებს სავაჭრო ქსელებში ვიზიტის დროს.

მაღაზიის სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00 სთ-დან საღამოს 19:00 საათამდე

მომხმარებლების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადის მკაცრი მართვით, ამისთვის მაღაზიების ფართის 20 კვ მეტრზე არაუმეტეს 1 მომხმარებლისა.

მაღაზიების შიდა და გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მკაცრი მართვა, რათა იყოს დაცული ყველა ზომა, რომელიც არის სოციალური დისტანცია, პირბადის სწორი მოხმარება

ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები. ამასთან ფასდაკლებების აქციები უნდა გამოცხადდეს ძირითადად დილის საათებში ან/და ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში;

მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა ერთი თვის განმავლობაში და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ 1 თებერვლის შემდეგ.

სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გადატანის სერვისით. ყველა სივრცეში და მაღაზიის გარეთ, რიგებში დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია და პირბადეების სწორად ტარების მოთხოვნები.

აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციას. ნებისმიერი დარღვევის დადგენის შემთხვევაში ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ყველა ღონისძიება, როგორც დაჯარიმება, ასევე საქმიანობის შეჩერება“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში