შვიდდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქციაზე დაკავებულებს

14 დეკემბერი 2020, 17:48 1195 ნახვა

აჭარის მთავრობის სახლთან, საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირები, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით შვიდდღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში რჩებიან. 

სასამართლო პროცესი დისტანციურ ფორმატში თითქმის 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გაადწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ გამოაცხადა.

ადვოკატის შეფასებით, საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ვიდეომასალით, არ დასტურდებოდა სასჯელდადებული პირების კანონდარღვევის ფაქტი, თუმცა მოსამართლე, მოწმე პოლიციელების ახსნა-განმარტებებს დაეყრდნო.

საია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს. თავად სასჯელდადებული 6 პირი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

ექვსივე დაკავებულს, ბრალი ედებოდა წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის სამართლიანი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში. მათ ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

უკვე ერთ თვეზე მეტია, აჭარის მთავრობის სახლთან, ოპოზიცური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები საპროტესტო აქციებს მართავენ. ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, მანდატებზე უარს აცხადებენ და განმეორებითი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. 

ამ ხნის განმავლობაში, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს სულ 15 პირია ადმინისტრაციული წესით დაკავებული. აქედან ბათუმის საქალაქო სასამართლომ 11-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, ოთხი ბრალდებულის საქმის განხილვა კი უვადოდ რამდენჯერმე გადადო.

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი