„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის თქმით, 11 დეკემბერს მთელი მსოფლიო იხილავს თვითწოდებული პარლამენტის შეკრებას და იმავე დღეს მის გარდაცვალებას.
შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ე.წ. ბიძინა ივანიშვილის სახელობის პარლამენტის მუშაობის გახსნას სრულად უნდა დაემთხვეს მანდატებზე უარის თქმა და სიების ჩახსნა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ოპოზიციას სთავაზობს, რომ დათანხმდეს საარჩევნო რეფორმას და კოსმეტიკურ ცვლილებებს, პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ. სამაგიეროდ კი ივანიშვილი მოითხოვს 2024 წლამდე მისი კრიმინალური ბანდა დარჩეს ხელისუფლების უმაღლეს მმართველად.
„დიდი იმედი მაქვს, როდესაც შევალ მოლაპარაკებაზე, იქ დამხვდება საკუთარი ბუნაგიდან გამომძვრალი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც გუშინ მოვიწვიეთ მოლაპარაკებაზე, როგორც პარტიის ლიდერი. დამერწმუნეთ, ვიწვები მისი წარმომადგენლების საცოდაობით, რადგან ისინი ვერაფერს წყვეტენ, არავინ მათ არ კითხავს, ხურმა რა ხილია. ამიტომ უნდა მონაწილეობდეს აღნიშნულ ფორმატში სრულუფლებიანი წარმომადგენელი პარტიის პირველი პირი, როგორც ჩვენ.
ხომ არის მმართველი პარტიის ლიდერი, ეს ლიდერობა მარტო იმაში ხომ არ გამოიხატება, საყდრისი ააფეთქოს, არჩევნები გააყალბოს, პოლიტპატიმრებით ქვეყანა აავსოს, ბავშვებს თვალები დათხაროს, მოვიდეს მოლაპარაკებაზე, დაგვიჯდეს, ვეტყვით ჩვენ სათქმელს და იმედია, ისიც მოახერხებს რამეს.
11-ში მთელი მსოფლიო იხილავს თვითწოდებული პარლამენტის შეკრებას და იმავე დღეს მის გარდაცვალებას.
მე მინდა, გამოვრიცხო პრეცედენტი, რომ რომელიმე ოპოზიცური ლიდერი შევა ამ სამარცხვინო კანტორაში, რომლითაც ბიძინა ივანიშვილს სურს, დაამთავროს საქართველოს ისტორია.
მანდატებზე უარი უნდა ითქვას 11-შივე, ე.წ. ბიძინა ივანიშვილის სახელობის პარლამენტის მუშაობის გახსნას უნდა დაემთხვეს მანდატებზე უარის თქმა და სიების ჩახსნა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს სამარცხვინო ფურცელი ჩვენს ქვეყანაში დავამთავროთ, რომ ჩვენი შვილები, შვილიშვილები არ იდგნენ ქუჩაში სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით“, – განაცხადა ნათელაშვილმა.